14 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
"სამედიცინო დაწესებულებამ თქვა, საერთოდ პროცესში მონაწილეობის მიღება არის მიზანშეუწონელი" - სააკაშვილის სასამართლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო

9 მილიონამდე ლარის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გადაიდო. სხდომა 12 იანვარს ჩატარდება. მიზეზად ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.

პროცესს ბრალდებულებიდან მხოლოდ თემურ ჯანაშია ესწრებოდა.

"ეს საქმე როცა იქნება დამთავრდება, არაფერი არაა მუდმივი, ისევე როგორც პირამიდები. ის, რომ დამთავრდება ლოგიკურად როგორც უნდა დამთავრდეს და აქ შედეგი ვერ დაიდება პროკურორების მიმართ, ესეც ნათელია," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ენმ-ის წევრი თემურ ჯანაშია.

ბრალდებისა და დაცვის მხარე საქმესთან დაკავშირებით საკუთარ მოლოდინებზე საუბრობენ.

"გადაიდო მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რაც დასტურდება სამედიცინო პერსონალის მიერ გაცემული ცნობით. სამედიცინო დაწესებულებამ თქვა, რომ საერთოდ პროცესში მონაწილეობის მიღება არის მიზანშეუწონილი, ნებისმიერი ფორმით," – აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ერთის მხრივ წარმოდგენილი იყო სამედიცინო დაწესებულების ცნობა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ბრალდებულის მონაწილეობა მიზანშეწონილი არ იყო დღევანდელ სასამართლო სხდომაში, ხოლო მეორეს მხრივ წარმოდგენილი იყო თავად ბრალდებულის პოზიცია, რომ მას არ სურდა მის დაუსწრებლად ჩატარებულიყო სასამართლო სხდომა. შესაბამისად, ბრალდებულის გამოუცხადებლობა სასამართლოს მიერ ჩაითვალა ობიექტურად და გადაიდო სხდომა," - განაცხადა პროკურორმა გიორგი მუჯირმა.

საქმის განხილვა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა, თუმცა ბოლო რამდენიმე სხდომა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ჩატარებულია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები