მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მოითხოვს, რომ სასამართლო პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდეს და მოსამართლემ საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გამოაცხადოს. მოწამლეს თუ არა ყოფილი პრეზიდენტი- ადვოკატების მტკიცებით, ამის დადგენა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს არ შეუძლია.
ოჯახის და ადვოკატების ინფორმაცია მალევე უარყვეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. ქიმიურ- ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში შესაძლებელი, ამაზე გავრცელებულ განცხადებაში წერენ. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმაც ისაუბრა.
სანამ სპეციალისტები ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ მსჯელობენ, ცნობილი ხდება, რომ ამერიკელი ფსიქიატრი ერიკ გოლდ სმიტი მიხეილ სააკაშვილის გარდა, კიდევ ერთ ხმაურიან საქმეში ფიგურირებს. ნიუ-იორკის სასამართლომ ეჭვქვეშ დააყენა ამერიკელი ექსპერტის დასკვნა რიჩარდ ჩიჩაკლის საქმეზე , რომელსაც ამერიკის მთავრობა იარაღით ვაჭრობაში მსჯავრდებულ ვიქტორ ბუტის თანამზრახველად ასახელებს. პატიმარს იქაც ორი ფსიქიატრი დაუქირავეს, მათ შორის ერიკ გოლდსმიტი, რომელმაც დაასკვნა, რომ ჩიჩაკლი ადეკვატურად არ აფასებდა თავის ქმედებებს ფსიქიკური აშლილობის გამო, მეორე ექსპერტი კი საპირისპიროს ამტკიცებდა. მოსამართლე უილიამ ფილდმა ყურადღება გაამახვილა გოლდსმიტის გულუბრყვილობაზე, რომელიც თავის შეფასებაში, სავარაუდოდ, ზედმეტად ეყრდნობოდა მხოლოდ დაპატიმრებული ჩიჩაკლის ქალიშვილის მოსაზრებებს.
მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობა შეწყდა. ანა წითლიძემ ექიმების რეკომენდაცია მეთორმეტე დღეს გაითვალისწინა და პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარი თქვა. სანამ შიმშილობას შეწყვეტდა შეხვდა და ესაუბრა სალომე ზურაბიშვილსაც, დილით კი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარემაც მოუნახულა და სამედიცინო პერსონალსაც გაესაუბრა.
პარლამენტში დეპუტატებმა შიმშილობა შეწყვიტეს, თუმცა სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით პროტესტი არა. სალომე ზურაბიშვილს დისკრეციული უფლების გამოყენებისკენ ათონელის სასახლესთან, დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდეს ყოფილმა და მოქმედმა კანონმდებლებმა.
მმართველი გუნდის დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საჭიროებას კვლავ ვერ ხედავენ.,ოპონენტებს კი ურჩევენ, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზებისგან თავი შეიკავონ.
დღის ბოლოს, პრეზიდენტის რეზიდენციასთან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები ისევ მივიდნენ და სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდეს. სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების შუამდგომლობით კი დაცვის მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს. პროცესი 29 დეკემბერს არის ჩანიშნული.