17 მაისი 2024,   09:17
ვრცლად
გოლი და ორი საგოლე გადაცემა - ხვიჩა კვარაცხელია კვლავ მსოფლიო ყურადღების ცენტრშია

გოლი და ორი საგოლე გადაცემა - ხვიჩა კვარაცხელია კვლავ მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. იტალიის სერია ა-ს მე-18 ტურის შეხვედრაში "სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე" ნაპოლიმ იუვენტუსს უმასპინძლა და გამანადგურებელი შედეგით, 5:1 დაამარცხა. ნაპოლის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა, რომელმაც 4 გოლში მიიღო მონაწილეობა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც დამსახურებულად გახდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნეაპოლელთა თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ ქართველ შემტევზე ისაუბრა.

ნეაპოლელებთან ერთად გამარჯვება ქართველებმაც იზეიმეს. სტადიონზე ჩოხით და ეროვნული დროშით ნეაპოლს 2000-ზე მეტი ქართველი გულშემატკივრობდა. ისინი ხვიჩა კვარაცხელიას საქომაგოდ სპეციალურად ამ შეხვედრისთვის იტალიაში გაემგზავრნენ.

კვარაცხელიას ფენომენალურ თამაშს არაერთი გავლენიანი გამოცემა გამოეხმაურა.
კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც სოციალურ ქსელში მილიონი გამომწერი ჰყავს.

ამ გამარჯვებით ლუჩანო სპალეტის გუნდმა, რომელიც ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს 47 ქულით ლიდერობს, სკუდეტოსკენ დიდი ნაბიჯი გადადგა და ტურინელები უკან 10 ქულით ჩამოიტოვა. აღსანიშნავია, რომ ნაპოლისთან წაგებამდე მასიმილიანო ალეგრის გაწვრთნილ იუვენტუს მოგებათა 8-მატჩიანი სერია ჰქონდა, სადაც საკუთარ კარში გოლიც არ ჰქონდა გაშვებული. ასევე იუვენტუსმა სერია A-ს მატჩში 5 გოლი 1993 წლის შემდეგ პირველად გაუშვა.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი, 10-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა. ევროპის ტოპ ხუთ ლიგაში, მესისთან და ნეიმართან ერთად ის მესამე ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე სეზონში 7 გოლი და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. ნაპოლი მომდევნო მატჩს იტალიის თასზე ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზესთან გამართავს, სერია A-ს პირველი წრის ბოლო ტურში კი სალერნიტანას სტუმრად შეხვდება.

დღის ამბები