19 მაისი 2024,   11:33
ვრცლად
გაიზარდოს ბრალდებულთა წრე - კორონავირუსით დაღუპული 20 წლის ფეხბურთელის ახლობლები პროკურატურასთან აქციას მართავენ

გაიზარდოს ბრალდებულთა წრე - ამ მოთხოვნით კორონავირუსით დაღუპული 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ახლობლები პროკურატურასთან აქციას მართავენ. 

პროკურატურამ რესპუბლიკური საავადმყოფოს უფროს ექთანს ბრალი წაუყენა. თეა ბეგიაშვილს საგამოძიებო უწყება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას და გამოყენებას ედავება.

ვახტანგ ჩარკვიანის მამა, ამბობს, რომ მან ჩაატარა დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ მისი შვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნარკოტიკული  მედიკამენტების ზედოზირებით გარდაიცვალა.

გაიოზ ჩარკვიანი ითხოვს, რომ ყველა უნდა მიეცეს პასუხისგებაში, ვისაც მისი შვილის მკვლელობაში რაიმე სახის დანაშაული აქვს.

“ექსპერტმა პირდაპირ, ცალსახად თქვა, ის რომ აღნიშნული პრეპარატები აღნიშნული დოზებით მიმაჩნია სასიკვდილოდ. კერძოდ, გამოიწვევს სასუნთქი გზების დათრგუნვას, კომას და ბიოლოგიურ სიკვდილს. თვითონ თეა ბეგიაშვილს თუ უნდა, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან, უნდა დაასახელოს... ყველა უნდა მიეცეს პასუხისგებაში, ვინც ჩემი შვილის მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა. არ გამოვრიცხავ ათი ადამიანიც იყოს, არ გამოვრიცხავ ოციც, მაგრამ პირველი სართულიდან მოყოლებული, ვინც ჩემი შვილი მიაგდო უპატრონოდ, არ აძლევდნენ არც საკვებს, არც წყალს, არც ერთი ექიმი არ შედიოდა გარკვეული საათების განმავლობაში... თვითონ ექიმების მიერ დაფიქსირებულია, თუ რა საათებში შედიოდნენ აღნიშნული ექიმები.  შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ არის 14 საათი, როდესაც არ შედიოდნენ პაციენტთან,“ - ამბობს გაიოზ ჩარკვიანი.

ექთნის მიმართ წარდგენილი ბრალი ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ მან შეცდომა დოკუმენტების გაყალბების ნაწილში უნებლიედ ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე დაუშვა.

"მას არანაირი შეხება არ ჰქონია ნარკოტიკებთან. თეა ბეგიაშვილი ამბობს ერთადერთ რამეს, რომ მოგეხსენებათ, ეს აგვისტოს თვე იყო, პიკი იყო, როდესაც სამედიცინო სისტემა იყო ზე ფორსმაჟორულ სიტუაციაში. აქედან გამომდინარე, 10 ექიმის, 10 ექთნის მოვალეობას ასრულებდა რამდენიმე და ერთ-ერთი იყო თეა ბეგიაშვილი, რომელიც განიცდის, რომ ექიმები და ექთნები რადგანაც არ იყვნენ, მან სამედიცინო ისტორიაზე მოაწერა ხელი. მას შეიძლება ითქვას, არ ევალებოდა ამ ხელის მოწერა,“ - ამბობს თეა ბეგიაშვილის ადვოკატი, გიორგი გელენიძე.

დღის ამბები