28 აგვისტო 2026,   01:04
ვრცლად
ჩვენება ბრალდებულების სასარგებლოდ - დაზარალებულმა სერგი ქურთიაშვილმა ძმები კაკულიების თავდასხმაში მონაწილეობა უარყო

ჩვენება ბრალდებულების სასარგებლოდ - ძმები კაკულიების თავდასხმაში მონაწილეობა დღევანდელ პროცესზე უარყო დაზარალებულმა სერგი ქურთიაშვილმა. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა.

დაკითხვის დროს ქურთიაშვილმა გაიხსენა გასული წლის მაისში მასზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა და მოსამართლეს მიმართა, რომ დადასტურებულად შეუძლია თქვას, მას თავს ძმები კაკულიები არ დასხმიან.

სერგი ქურთიაშვილის განმარტებით, ბრალდებულ ძმებს, რომლებსაც მის მკვლელობის მცდელობას ედავებიან, ბავშვობიდან იცნობს. სერგი ქურთიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ თავდამსხმელებს ჩაფხუტები ეკეთათ, თუმცა ამის მიუხედავად სახის გარკვეული დეტალების დაფიქსირება და გარჩევა მაინც მოახერხა. მისი თქმით, შეუძლია დადასტურებულად თქვას, რომ თავდამსხმელები ძმები კაკულიები არ არიან.

გურამ და დავით კაკულიების ადვოკატი, გიორგი ანთაძე ამბობს, რომ მოწმეებმა უარყვეს გურამ და დავით კაკულიების ადგილზე ყოფნა და მათ სრულიად სხვა გარემოებებზე მიუთითეს.

"დღეს დაიკითხნენ სერგი ქურთიაშვილი და გიორგი კაჭკაჭიშვილი. მათ სრულად და ამომწურავად მისცეს სასამართლოს ჩვენება, მათ ფაქტობრივად უარყვეს გურამ და დავით კაკულიების ადგილზე ყოფნა, ასევე ფაქტობრივად, სრულიად სხვა გარემოებებზე მიუთითეს. აბსოლუტურად თავდაყირა აყენებს ამ მოწმეების ჩვენებები და არა მარტო მოწმეების ჩვენება, საქმეში მტკიცებულებათა გამოკვლევის დროს წარმოშობილი სხვადასხვა საკითხი და სწორედ აქედან გამომდინარე, გვექნება მოლოდინი, რომ იქნება ობიექტური გადაწყვეტილება," - აცხადებს გიორგი ანთაძე.

პროკურორი, თამარ ყულჯანიშვილი ამბობს, რომ ბრალდების მხარეს წარმოდგენილი და გამოკვლეული აქვს საკმაოდ მყარი მტკიცებულებათა ერთობლიობა, მათ შორის არის ვიდეო ჩანაწერები.

"ბრალდების მხარეს წარმოდგენილი და გამოკვლეული აქვს იმდენად მყარი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ დაცვის მხარის ყოველგვარი მცდელობა არის ფუჭი. ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს იმდენად მყარი მტკიცებულებები, რომ ეს მცდელობა, თუნდაც დაზარალებულების მეშვეობით გარკვეულ შეცდომაში შეიყვანონ სასამართლო და აარიდონ პასუხისმგებლობას ბრალდებულები, ვერ იქნება გამართლებული. საქმეში არის წარმოდგენილი ერთ-ერთი ყველაზე ობიექტური მტკიცებულება, რაც შეიძლება არსებობდეს და ეს არის ვიდეო ჩანაწერები. ვიდეო ჩანაწერებში ნათლად არის ასახული მათი აღნაგობა, საუბარია ბრალდებულებზე, მათი ჩაცმულობა, იარაღებიც," - აცხადებს პროკურორი.

დღის ამბები