14 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონა აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტს აქვს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები, მათ შორის დემენციის დიაგნოზი.

სამი საათია მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ სასამართლო სხდომა იმართება. კითხვებს პასუხობს ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონი, რომელმაც თქვა, რომ მისი დასკვნების დიდი ნაწილი სწორედ "ემპათიის" და მარიამ ჯიშკარიანის ინფორმაციებს ეფუძნება.

ბრიტანელი ფსიქიატრი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტს აქვს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები, მათ შორის დემენციის დიაგნოზი. მან განაცხადა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი აქტებით განსაზღვრულია, რომ პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში.

"სააკაშვილი იღებდა გარკვეულ მედიკამენტებს ფსიქოთერაპიული პროფილის, თუმცა რაც შეეხებოდა სტრესის მოხსნას, შიშებს და განცდას იმისა, რომ ის არის საშიშროების ქვეშ, ამის საწინააღმდეგო მკურნალობა არ მისცემია, რის გამოც, რჩებოდა პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობის დაავადება. ამასთან, ფსიქოლოგიურ მკურნალობას ვერ ექნება ეფექტურობა, თუ სააკაშვილი იქნება იმ გარემოში, სადაც ის თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. სააკაშვილს აქვს დემენცია. მე ასევე მესმის, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი აქტებით განსაზღვრულია, რომ პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია არ უნდა იყვნენ ციხეში," - აცხადებს კორნელიუს კატონა.

პროკურორის შეკითხვაზე, საიდან დაასკვნა ექსპერტმა, რომ მიხეილ სააკაშვილზე განხორციელდა ძალადობა, კორნელიუს კატონა პასუხობს, რომ „მე ამ დასკვნამდე მივედი მიხეილ სააკაშვილის მონაყოლით, ასევე რაც მან მის დედას უთხრა. ასევე დავეყრდენი მარიამ ჯიშკარიანის დასკვნას."

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრმა გუშინ მოსამართლის მანტია თავად მოირგო. 

"დავუშვათ და მოსამართლემ გადაწყვიტა მათი დასკვნის გაზიარება და როგორ უნდა გაიზიაროს, თუ კაცი არ ჰყავთ ნანახი? ან რომელს უნდა ენდოს მოსამართლე. მოსამართლეს მანტია გახადა, მართლმსაჯულებას ხელიდან მახვილი გამართვა, პინა ურნაში გადააგდო, თვითონ შემოიცვა ტანზე ბატონმა რატიმ ეს მანტია და გამოვიდა გუშინ მოსამართლის რანგში. მაგრამ, მინდა გითხრათ ერთი რამ, ეს მათთვის ძალიან ცუდი ნაბიჯი გადადგეს და ჩვენთვის ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგეს," - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ცენტრ "ემპათიის" მიერ გამოტანილი დიაგნოზები არ არის სარწმუნო და უტყუარი. 

ჯერჯერობით, უცნობია დაერთვება თუ არა საქმის მასალებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, თუმცა შუამდგომლობა დღევანდელ სასამართლო პროცესზე უნდა დააყენონ.  

 

დღის ამბები