03 მაისი 2024,   08:51
ვრცლად
მიწისძვრის მეორე დღე თურქეთში - ნანგრევებში 2 000-ზე მეტი მოქალაქე რჩება

მიწისძვრის მეორე დღე თურქეთში - ნანგრევებში 2 000-ზე მეტი მოქალაქე რჩება. მაშველები 24 საათზე მეტია, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ. თურქეთ-სირიის დამანგრეველი მიწისძვრის გამო, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა.

მიწისძვრას 4 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის პრეზიდენტმა 7 დღიანი გლოვა გამოაცხადა.

გადატვირთულია კლინიკები, მუშაობა უჭირს ინტერნეტსა და კავშირგაბმულობას. ქვეყანა დახმარებას ითხოვს. მსოფლიო თურქეთს სამძიმარს უცხადებს და დახმარებას ჰპირდება. რეჯეფ ტაიპ ერდოღანს მიუსამძიმრა ამერიკელმა კოლეგამ. სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით კი, შტატები თურქეთსა და სირიას საჭიროებისამებრ დაეხმარება. მიწისძვრის შედეგად გარდავლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმაც, დაშავებულებისთვის კი 10 მილიონის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება გამოყო. თურქეთს დაეხმარება ახალი ზელანდიაც.

დახმარება უკვე აღმოუჩინა ქართულმა მხარემ თურქეთში მყოფ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. დაზარალებული ქართველები "კურიერს" უყვებიან, რომ მათთან საელჩოც მუდმივ კონტაქტზეა.

საქართველოს ყველა მოქალაქე კი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია - თურქეთში ჩვენი ქვეყნის ელჩი "კურიერს" უყვება, რომ უწყება 24 საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. გიორგი ჯანჯღავა სტიქიის ზონაში მყოფ ქართველებს მოუწოდებს, დაუკავშირდნენ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას და ინფორმაცია მიაწოდონ მათი ადგილსამყოფლისა თუ მდგომარეობის შესახებ.

სანამ მსოფლიო თურქეთში დახმარებას გაგზავნის, საქართველო მეზობელ ქვეყანას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით უკვე ეხმარება. თურქეთის საელჩო მთავრობის მეთაურსა და ქართველებს მადლობას უხდის.

თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო დღეიდან ჩაერთო. სტიქიის ზონაში მაშველები და შესაბამისი ტექნიკა გუშინვე წავიდა.

დღის ამბები