03 მაისი 2024,   12:35
ვრცლად
29 წლის ქალი სუროგაციის ცენტს თაღლითობაში ადანაშაულებს - "კურიერმა" ხელშეკრულების დეტალები მოიპოვა

ქალი, რომელიც ახლა შვილების დაბრუნებას ითხოვს, სუროგატი დედა უნდა ყოფილიყო. როგორც "კურიერს" რესპონდენტი უყვება, სუროგაციის ცენტრში მოატყუეს და საბოლოოდ მას ბიოლოგიური შვილები დაათმობინეს.

ისტორია ხუთი წლის წინ დაიწყო. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 29 წლის ქალს ბავშვი უცხო ქვეყნის მოქალაქე წყვილისთვის უნდა გაეჩინა. შესაბამისი ქირურგიული პროცედურებიც სხვა ქვეყანაში ჩატარდა, თუმცა დარღვევით. განაყოფიერების დროს ექიმებმა პაციენტის გენეტიკური მასალა გამოიყენეს, ისე, რომ სუროგატი დედისთვის არაფერი უთქვამთ.

ამ ბრალდების მთავარი ადრესატი სუროგაციის ერთ-ერთი ცენტრის დამფუძნებელი თამარ გვაზავაა. სწორედ მას ადანაშაულებს ახალგაზრდა ქალი ხელშეკრულების პირობების უხეშ დარღვევაში. თამარ გვაზავა საქართველოში არ იმყოფება. ის "კურიერის" არც სატელეფონო ზარებს და არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს პასუხობს.

გამოძიების დაწყების მოთხოვნით, 29 წლის ქალმა პოლიციას უკვე მიმართა. ახლა საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება კლინიკის ხელმძღვანელის ყოფილი თანამშრომლის ჩვენებაა. ამბობს, რომ თამარ გვაზავას ასისტენტი მის ნაამბობს სრულად ადასტურებს.

"კურიერის" რესპონდენტმა ორი ბავშვი მეზობელ ქვეყანაში გააჩინა. მთავარ კითხვას, არის თუ არა ქალი თაღლითური დანაშაულის მსხვერპლი, პასუხი ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს. ასევე უნდა დადგინდეს, არის თუ არა რეალურად 29 წლის ქალი ბავშვების ბიოლოგიური დედა.

დღის ამბები