06 მაისი 2024,   10:55
ვრცლად
მიიღებს თუ არა დასავლეთი ახალ გადაწყვეტილებას უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემის თაობაზე - ანდჟეი დუდა, ჯერჯერობით, თავს იკავებს

მიიღებს თუ არა დასავლეთი ახალ გადაწყვეტილებას უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემის თაობაზე - დარკვეულ ქვეყნებთან მოლაპარაკებები დაწყებულია, თუმცა საერთო შეთანხმება ჯერჯერობით არ არსებობს. პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ამბობს, რომ ის, ჯერჯერობით, ამ საკითხის გადაწყვეტისგან თავს იკავებს.

"ვფიქრობთ, რომ ამას მოკავშირეების გადაწყვეტილება სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთობლივი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ასევე საქმე მარტო მოიერიშეებს არ ეხება, საჭიროა მოვლა, ტექნიკური გამოცდილება, ტექნიკური მომსახურება და ა.შ. ასე რომ, საკმარისი არ არის მხოლოდ რამდენიმე მოიერიშე თვითმფრინავის გაგზავნა.

პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით, ყოველ შემთხვევაში, პოლონეთში, არის შემდეგი: ჩვენ გვაქვს ასეთი თვითმფრინავები, მაგრამ ისინი 50-ზე ნაკლებია. ასე რომ, სინამდვილეში, ეს არის ჩვენი თვითმფრინავების ერთადერთი მარაგი. ეს სერიოზულ პრობლემას ქმნის, რადგან არ მიჭირს იმის თქმა, რომ არ გვაქვს საკმარისი ეს მარაგი. ნებისმიერი ტიპის მოიერიშის, ნებისმიერი F 16-ის პოლონეთის ფარგლებს გარეთ გადაცემა ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებაა და ჩვენთვის ადვილი არ არის ამის გაკეთება," - თქვა დუდამ. 

პარალელურად ქვეყანაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის დანაკარგების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოაქვეყნა.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები ლუჰანსკისა და დონეცკის ოქლების რამდენიმე დასახლებაში. დღის განმავლობაში მტერმა 12 სარაკეტო დარტყმა განახორციელა, მათგან 3 ხარკივის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და 32 საჰაერო, რომელთაგან 6 განხორციელდა შაჰიდ-136 უპილოტო საფრენი აპარატით.

ასევე, მტერმა 90-ზე მეტი შეტევა განახორციელა სარაკეტო ზალპური სისტემებიდან.

გასული 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალების საჰაერო ძალებმა 19 დარტყმა განახორციელეს ოკუპანტების კონცენტრირებულ ადგილებში, ასევე 2 დარტყმა საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებზე. გარდა ამისა, გასულ დღეს ჩვენმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს 900-მდე რუსი ოკუპანტი, 13 ტანკი, 14 ჯავშანტექნიკა, 17 საარტილერიო და 2 სარაკეტო ზალპური სისტემა, 14 ერთეული საბრძოლო მანქანა. ჩვენმა მებრძოლებმა ჩამოაგდეს სუ-25 ტიპის თვითმფრინავი და ორლანის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი. სარაკეტო ჯარების და არტილერიის ნაწილებმა დაარტყეს მტრის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 14 უბანსა და საზენიტო სარაკეტო კომპლექსს," - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერმა პავლო კოვალჩუკმა. 

დღის ამბები