06 მაისი 2024,   01:33
ვრცლად
ორდღიანი თავდაცვის მინისტერიალი ბრიუსელში დღეს დასრულდება,თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საჯაროდ, რომ უკრაინის სამხედრო დამხარება გაგრძელდება

ორდღიანი თავდაცვის მინისტერიალი ბრიუსელში დღეს დასრულდება. ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საჯაროდ, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება გაგრძელდება. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნატო კონფლიქტში მხარე არ არის, დახმარებას გააგრძელებს მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.

დღეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა ფინეთისა და შვედეთის დასწრებით იმართება და მთავარი საკითხი რასაც მინისტერიალის ბოლო დღეს განიხილავენ, არის ნატოს თავდაცვის დაგეგმარების პროექტის დამტკიცება.

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ თავდაცვის ინდუსტრია უნდა გაძლიერდეს.

"პრეზიდენტ პუტინის ომი, აგრესია უკრაინაში უსაფრთხოების ყველაზე დიდი კრიზისია ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. დღეს ჩვენ დავამტკიცებთ ახალ პოლიტიკურ სახელმძღვანელოს თავდაცვის დაგეგმვისთვის. ეს იქნება ცვლილებების მთავარი მამოძრავებელი ძალა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, რათა უზრუნველყოფილი გვქონდეს სანდო შეკავებისა და თავდაცვისთვის საჭირო შესაძლებლობები. ჩვენ ასევე განვიხილავთ გზებს, რათა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიული შესაძლებლობები, რადგან ვცდილობთ გავზარდოთ ჩვენი შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის წარმოება,"- აცხადებს სტოლტენბერგი.

კანადის თავდაცვის მინისტრი ანიტა ანანდი აცხადებს, რომ დახმარების სამ ძირითად კატეგორიას განიხილავს უკრაინისთვის.

"არსებობს დახმარების სამი ძირითადი კატეგორია, რომელსაც განვიხილავთ ესენია საჰაერო თავდაცვა, სარაკეტო სისტემები, საბრძოლო მასალა, ასევე ტანკები. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს მოკავშირეებთან, რათა უკრაინას ყველა სახის დახმარება გაუგრძელდეს. კანადამ 5 მილიარდ დოლარზე მეტი ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სამხედრო დახმარება გაუწია უკრაინას. რა თქმა უნდა, უკრაინაში უკანონო შეჭრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არასტაბილურობა გამოიწვია. როგორც ალიანსმა, მხარი უნდა დავუჭიროთ ამ ქვეყნების ინიციატივებს საკუთარი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემების გაძლიერების მიზნით,"- აცხადებს მინისტრი.

ლატვიის თავდაცვის მინისტრი ინარა მურნიეცე აცხადებს, რომ ბალტიისპირა ქვეყნები ძალიან ბევრს აკეთებენ უკრაინისთვის.

"შეშფოთებით ვაკვირდებით უკრაინაში არსებულ ვითარებას და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას რამდენადაც შეგვიძლია, რადგან აქ დროს მნიშვნელობა ენიჭება. დრო არის ფაქტორი, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ უფრო სწრაფად და გავაგზავნოთ მძიმე შეიარაღება უკრაინაში, რამდენიც შეგვიძლია და ლატვია ბევრს აკეთებს. თითოეულ ქვეყანას თავისი მიდგომა აქვს. მსურს აღვნიშნო, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები, მათ შორის ლატვია, ბევრს აკეთებენ,"- აცხადებს მურნიეცე.

დღის ამბები