09 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
ავსტრიის საზღვარზე ნაპოვნი 71 გარდაცვლილი ემიგრანტის საქმეზე ბრალდებულები დააკავეს

ვენის პროზექტურაში სატვირთო მანქანაში აღმოჩენილ ცხედრებს ექსპერტიზა უტარდებათ. სპეციალისტები არალეგალების გარდაცვალების გარემოების დადგენას ცდილობენ.

71 ემიგრანტის ცხედარი უნგრეთისა და ავსტრიის საზღვარზე სამართალდამცველებმა მიტოვებულ სატვირთო მანქანაში იპოვეს.

გამოძიება ვარაუდობს, რომ ტრეფიკიორებმა ფულის სანაცვლოდ ისინი საზღვარზე გადაიყვანეს და ჩაკეტილ მანქანაში დატოვეს.

ავსტრიის პოლიცია უნგრელ კოლეგებთან ერთად დამნაშავეთა ძებნას შეუდგა. რამდენიმე საათში ეჭვმიტანილებიც დააკავეს – 3 ბულგარელი და ერთი ავღანელი. მათ შორის ერთი სატვირთო მანქანის მფლობელია.

მეორე ტრაგედია ლიბიის სანაპიროსთან მოხდა.

ორი ნავი, რომლითაც 500-მდე ემიგრანტი იტალიაში გადასვლას ცდილობდა, ხმელთაშუაზღვაში რამდენიმეწუთიანი ინტერვალით გადაბრუნდა და ჩაიძირა. უმეტესობა დაიხრჩო. მათ ცხედრებს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

ამ ორი ტრაგედიის გამო ევროკავშირის ლიდერები საგანგებო სამიტის მოწვევას გეგმავენ.

ევროკავშირის ლიდერები აღიარებენ, რომ მათ მიერ შემუშავებული პოლიტიკა მიგრანტებისთვის მიღების შესახებ არ მუშაობს. ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ვერ თანხმდებიან კვოტებზეც.

გაეროს მონაცემით, წელს ხმელთაშუაზღვის გავლით ევროპაში მოხვედრის მსურველი არალეგალების რიცხვი შარშანდელთან შედარებით გაორმაგდა და 300 ათასს მიაღწია. აქედან 2500 ემიგრანტი საზღვაო კატასტროფას ემსხვერპლა.

 

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე

დღის ამბები