28 აგვისტო 2026,   03:29
ვრცლად
ძალიან ნაჩქარევად მოხდა გადაწყვეტილებების მიღება, ჩვენ ამ საკითხებს შესაბამის შეფასებას მივცემთ - ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი

ვაკის პარკის საქმეზე ოთხ დაკავებულს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა, მათ შორის არიან "გრინსერვის პლიუსის" დირექტორი და ამავე კომპანიის თანამშრომელი.

ლაშა ფურცხვანიძე და დევი კახოიძე ბრალდების დამძიმებას არ ეთანხმებიან. დაკავებულთა პოზიცია მედიას ადვოკატმა გააცნო.

არასამთავრობო ორგანიზაციის "უფლებები საქართველო" იურისტი აცხადებს, რომ გამოძიება არ მიმდინარეობს სრულყოფილად. როგორც არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს ბოლო დღეს ორი ბრალის წარდგენა უსამართლობაა. 

"გამოძიება არ არის ნაწარმოები სრულყოფილად. არ არის მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული.

მაგალითად: არ ჰყავთ დაკითხული ადამიანი ვინც განახორციელა, ამ ტექნიკური ნაგებობის მონტაჟი, საინჟინრო ტექნიკური შესრულება, ეს ადამიანი საერთოდ გამოკითხვაზეც კი არ გამოუძახებიათ. ამიტომ, რა გამოძიება შეძლება ასეთ მოცემულობაში ვისაუბროთ. ძალიან ნაჩქარევად მოხდა გადაწყვეტილებების მიღება, ბუნებრივია ჩვენ ამ საკითხებს შესაბამის შეფასებას მივცემთ, თან ის, რომ ბოლო დღეს მოხდა ორი ახალი ბრალის წარდგენა- ფაქტობრივად დაცვის უფლების გარეშე დარჩა ადამიანი,"-აცხადებს არჩილ ჩოფიკაშვილი.

პროკურატურის ინფორმაციით, იმის მიუხედავად რომ შადრევანში სამუშაოები იყო შესრულებული უხარისხოდ საექსპერტო კომპანიამ ყალბი დოკუმენტი დაამზადა და სწორედ ეს დოკუმენტი გამოიყენა მოგვიანებით "გრინ სერვის პლიუსმა"- ბრალი დაუმძიმდა ექსპერტიზის ჩამტარებელი კომპანიის "მშენ-ექსპერტის" დირექტორს და ექსპერტსაც.

დღის ამბები