08 სექტემბერი 2024,   04:48
ვრცლად
მიგრაციის კუთხით აჟიოტაჟის არავითარი საფუძველი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე საკუთარ განცხადებას განმარტავს

სოციალურ ქსელში გავრცელებული სტატუსის შემდეგ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დამატებითი განმარტება გააკეთა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნიდან ადამიანების მიგრაციასთან დაკავშირებით ყალბი აჟიოტაჟია შექმნილი. მისივე თქმით, ფაქტებით ჩანს, რომ აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს.

"რეალურად, ფაქტებით ჩანს, რომ აჟიოტაჟის არავითარი საფუძველი არ არსებობს. რა თქმა უნდა, დემოგრაფია, მიგრაცია არის საკითხი, რასაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება და ბუნებრივია, იდეალური სურათი არ გვაქვს, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს, მაგრამ აჟიოტაჟი აბსოლუტურად ყალბია, რაც კონკრეტული მონაცემებით დასტურდება.  ჩემს პოსტში წარმოდგენილი იყო შესაბამისი მონაცემები, კერძოდ, საუბარია, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, ცხრა წლის მანძილზე მთლიანობაში, 221 000 ადამიანით მეტი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე უკან შემოვიდა. იყო ძალიან მძიმე მაჩვენებელი მიგრაციის კუთხით. რომ ავიღოთ ჩვენი პერიოდი 2013-2021 წლის ჩათვლით, რა მონაცემებიც დევს იმავე საქსტატის საიტზე, მთლიანობაში ეს მაჩვენებელი იყო 52 000. ანუ ერთ მხარეს არის 221 000, მეორე მხარეს – 52 000, რაც ნიშნავს, რომ მიგრაციის კუთხით 4.3-ჯერ გაუმჯობესებულია მაჩვენებელი. ანუ ოთხჯერ უკეთესი და კიდევ უფრო უკეთესი, გაუმჯობესებული მაჩვენებელი გვაქვს მიგრაციის კუთხით – ოთხჯერ ნაკლები ადამიანია ისეთი, ვინც გავიდა ქვეყნიდან, მაგრამ უკან არ შემოვიდა. ეს არის ციფრები, მონაცემები, რაც უტყუარია და არსებითად ეფუძნება საზღვრის კვეთის მონაცემებს. ასევე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, რა თქმა უნდა, ვიზალიბერალიზაცია წაახალისებს მიგრაციის ზრდას, რადგან უფრო ადვილად გადიან ადამიანები ევროპაში. მიუხედავად ვიზალიბერალიზაციისა, ეს მაჩვენებელი არსებითად არ გაუარესებულა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ცნობისთვის, საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობის და ტენდენციების შესახებ,ირაკლი კობახიძემ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ამ თემაზე ჭარბობს სპეკულაციური და უტრირებული განცხადებები, რაც სათანადო პასუხს მოითხოვს. მას მაგალითად მოჰყავს სხვა ქვეყნები, ვინც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მიიღო და აღნიშნავს, რომ ამ ფონზე, საქართველოს მაქსიმალურად ოპტიმალური მონაცემები აქვს. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ობიექტური მიზეზები აქვს იმას, თუ რატომ შეიცვალა მიგრაციული სალდო, ვიზა ფრის ამოქმედების შემდეგ. 

 

დღის ამბები