"ხალხის ძალის" კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მმართველი პარტია მხარს დაუჭერს. უმრავლესობის სხდომაზე გადაწყდა, რომ ინიციატივა, პრინციპების დონეზე ფრაქცია "ქართული ოცნებისთვისაც" მისაღებია, ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. ის ამბობს, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი არ არის არც რუსულის და არც ამერიკულის ანალოგი.
"ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით შემიძლია ვთქვა, რომ პრინციპების დონეზე ჩვენ შევთანხმდით და მხარს დავუჭერთ კანონპროექტს. რა თქმა უნდა, დეტალებზე გაგრძელდება მსჯელობა. თუკი პრინციპებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ათასგვარი სპეკულაცია მოჰყვა სხვადასხვა ქვეყნებთან მიმართებაში, მათ შორის ოკუპანტი ქვეყნის კანონმდებლობაზეც იყო მითითება და შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, თუ ვინმე, ვინც არ უნდა იყოს, ამბობს, რომ ეს არის ანალოგი რუსული კანონმდებლობის, ის უბრალოდ იტყუება. ეს არ არის არც ამერიკული კანონმდებლობის ანალოგი, იქიდან გამომდინარე, რომ ერთ და მეორე შემთხვევაშიც არის უამრავი შეზღუდვა. თუ ვინმე დააპირებს, რომ ამ შეზღუდვების ანალოგი მოიტანოს იმ პროექტში, რომელიც „ხალხის ძალამ“ წარმოადგინა, ამას ვერ შეძლებს, რადგან არც ერთი შეზღუდვა არ ჩაუწერია "ხალხის ძალას“ კანონპროექტში.
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ დარეგისტრირების ვალდებულებას ათი დღის განმავლობაში, თუ რომელიმე ორგანიზაციის და არა კერძო პირის, უცხოური დაფინანსება გასცდება 20 პროცენტს, 10 დღეს აქვს ასეთ ორგანიზაციას, რომ რეესტრში დარეგისტრირდეს. ხოლო შემდეგ ერთი წლის განმავლობაში უნდა წარადგინოს დეკლარაცია თავისი შემოსავლების და ხარჯვითი ნაწილის შესახებ. სხვა რამეს ეს არ ითვალისწინებს ამ გამჭვირვალობის გარდა. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, მოიტანო არგუმენტი, რატომ შეიძლება ამ პრინციპზე უარი უთხრა. გამჭვირვალობის საწინააღმდეგო ბუნებრივია, უმრავლესობაში ვერავის ვერ ექნება და ეს პოზიციაც დაფიქსირდა,“ – განაცხადა მდინარაძემ.