1 700 კალორია დღეში - ეს საკვების ის მოცულობაა, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა უნდა მიიღოს, თუმცა მისი პირადი ექიმები ამბობენ, რომ სააკაშვილისთვის ოჯახს პროდუქტი არასაკმარისი კალორაჟით მოაქვს, რაც პაციენტის სრულყოფილად კვებას ვერ უზრუნველყოფს. სპეციალურ ბრიფინგზე, "ვივამედის" პერსონალმა თქვა ისიც, რომ პატიმარი უარს ამბობს, ყველა იმ რეკომენდაციის შესრულებაზე, რომელსაც კლინიკა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სთავაზობს.
მკურნალი ექიმების განცხადებას სოციალური ქსელით თავად ექს-პრეზიდენტიც გამოეხმაურა. სააკაშვილი წერს, რომ მედიკოსები მის მთავარ დაავადებას, კერძოდ, მძიმე მეტალებით მოწამვლას, ანორექსიას და კახექსიას არ მკურნალობენ.
საკვები გიული ალასანიას შვილთან დღეში ორჯერ მიაქვს. ეს სწორედ ის პროდუქტებია, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი იღებს. მისი დემონსტრირება გიული ალასანიამ ექიმების განცხადების შემდეგ გადაწყვიტა. ყოფილი პრეზიდენტის დედა ამტკიცებს, რომ შვილთან მხოლოდ იმ რაოდენობის კალორაჟი მიაქვს, რომლის მიღებაც მიხეილ სააკაშვილს შეუძლია.
"ვივამედის" კლინიკაში ამბობენ, რომ მათი მთავარი მიზანი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუმჯობესებაა, თუმცა, მათი თქმით, ამ მიზნის განხორციელებაში თავად პაციენტი არ ემორჩილებათ. არაბალანსირებული კვებიდან გამომდინარე, ექიმების ინფორმაციით, ყოფილმა პრეზიდენტმა წონაში საგრძნობლად დაიკლო და დასუსტდა.
ექიმების სპეციალურ განცხადებას, პასუხისმგებლობის არიდების მცდელობად აღიქვამს სააკაშვილის პარტია. მოთხოვნა კვლავ უცვლელია აქვთ - გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი საზღვარგარეთ სამკურნალოდ. სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის წევრები დღეს ამტკიცებდნენ იმასაც, რომ ექს-პრეზიდენტი საკვებს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იღებს.
საპარლამენტო უმრავლესობა ყოფილ პრეზიდენტს და მასთან დაახლოებულ პირებს ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირებაში ადანაშაულებს. პარლამენტის წევრები ამბობენ, რომ გათავისუფლების მოტივით პატიმარი პაციენტი თვითდაზიანების რეჟიმშია.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სააკაშვილის ოჯახი და ადვოკატები ამჯერად სააპელაციო სასამართლოში ჩივიან და ექს-პრეზიდენტის დამძიმებული მდგომარეობის მიზეზით კვლავ ითხოვენ მის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას