25 ნოემბერი 2024,   04:55
ვრცლად
როგორი კანონები მოქმედებს მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში უცხოური გავლენისა და ჩარევის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით

"როგორი კანონები მოქმედებს მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში უცხოური გავლენისა და ჩარევის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით", - ამ სათაურით, დღეს, 23 თებერვალს "რუსთავი 2-ის" ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც მოყვანილი იყო რამდენიმე ქვეყნის მაგალითი, „ქვეყნებში უცხოური გავლენისა და ჩარევის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით“.

კერძოდ საუბარი იყო (ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ახალი ზელანდია) და სხვა ქვეყნების მაგალითზე:

"ავსტრალია

უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ავსტრალიის სტრატეგიის მიზანია ავსტრალიის სუვერენიტეტის, ღირებულებებისა და ეროვნული ინტერესების დაცვა უცხოური ჩარევისგან. აღნიშნული სტრატეგია თანაბრად ვრცელდება ყველა ქვეყანაზე და ფოკუსირებულია მედეგობის გაძლიერებაზე ავსტრალიური საზოგადოების იმ სექტორებში, რომელსაც ყველაზე მეტად ემუქრება უცხოური ჩარევა.

ავსტრალიური კანონმდებლობის თანახმად, უცხოური ჩარევა ხდება მაშინ, როდესაც საქმიანობა, რომელსაც ახორციელებს უცხო ძალა, ან მისი სახელით ხდება, არის იძულებითი, კორუმპირებული, შეცდომაში შემყვანი ან ფარული და ეწინააღმდეგება ავსტრალიის სუვერენიტეტს, ღირებულებებსა და ეროვნულ ინტერესებს.

"მნიშვნელოვანია განვასხვავოთ უცხოური ჩარევა უცხოური გავლენისგან. ყველა მთავრობა, მათ შორის ავსტრალიის მთავრობა, ცდილობს გავლენა მოახდინოს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ავსტრალია არ არის შეშფოთებული უცხოური გავლენით, რომელიც ღია და გამჭვირვალეა და პატივს სცემს ჩვენს ხალხს, საზოგადოებასა და სისტემებს," - ნათქვამია ავსტრალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.

2018 წლის აპრილში ავსტრალიის მთავრობამ დანიშნა ეროვნული კოორდინატორი, რომელიც პასუხისმგებელია უცხოური ჩარევის საკითხებზე.

ავსტრალიაში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი, რომელზეც მოქალაქეებს შეუძლიათ ინფორმაციის გადაცემა შესაძლო უცხოური ჩარევის აქტივობის შესახებ."

თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ინფორმაცია იყო არასრული და საჭიროებდა მეტ სიცხადეს.

რედაქციამ მიიღო გადაწყვეტილება, შესწორება შეიტანოს აღნიშნულ სტატიაში მოცემულ ფაქტებთან დაკავშირებით და იხელმძღვანელოს მედიაჩეკერის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით.

"რუსთავი 2" არ ეთანხმება შეფასებას, რომ ჩვენი რედაქცია სხვა რედაქციებთან შეთანხმებით  "ხალხის ძალის" იდეის მხარდასაჭერად, კოორდინირებულად მოქმედებდა. და რომ იყო მცდელობა, თითქოს შეგვექმნა წარმოდგენა, რომ საქართველოში ინიცირებული კანონი არ შეაფერხებს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესს. 

შესწორება: 

"მედიაჩეკერის" მიერ მომზადებულ სტატიაში ვკითხულობთ, რუსეთის პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ:

ავტორიტარულ, ან ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ რეჟიმებს ახასიათებთ, გამოარჩიონ გარკვეული ჯგუფები, ვისაც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თუ სოციალურ გამოწვევებს მიაწერენ. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, იყენებენ მათ, როგორც "განტევების ვაცებს".

ამ ჯგუფებს, როგორც "სახელმწიფოს მტრებს", ანიჭებენ "უცხო ქვეყნის აგენტის" სტატუსს, რათა ხაზი გაუსვან იმას, თითქოს, ისინი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ.

რატომ?

"უცხო აგენტებად" გამოცხადების მთავარი სამიზნე, უმთავრესად, დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო სექტორი ხდება, რადგან მათ აქვთ დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი, მათი გაკონტროლება რთულია და ღიად საუბრობენ ადამიანის უფლებებსა, თუ დემოკრატიულ გამოწვევებზე.

ამიტომ, ავტორიტარული, ან მმართველობის ამ ფორმისკენ მიდრეკილი პოლიტიკოსები ფიქრობენ, სჯობს, ისინი პირდაპირ სახელმწიფოს მტრებად განსაზღვრონ, რათა "გამოაცალონ" მათ რესურსები, რომ მათ კვლევებს, შეფასებებსა თუ კრიტიკულ ანგარიშებს სახალხო ლეგიტიმაცია "წაართვან".

დღის ამბები