26 დეკემბერი 2024,   11:07
ვრცლად
"ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

პრეზიდენტის მიერ "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანაზე გამოყენებული ვეტო მისაღები და სწორია ოპოზიციისთვის.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ამ კანონს ყოფილი ეკონომიკის მინისტრისთვის იღებდა, ვინაიდან ნათია თურნავა ეროვნული ბანკის დროებით მმართველად უნდოდათ დაენიშნათ.

"ძალიან გამიხარდა რომ პრეზიდენტმა ეს ვეტო დაადო, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში პარლამენტმა აჩვენა, რომ კონკრეტული ვიწრო ინტერესთა ჯგუფების სურვილების დაკმაყოფილებისთვის ღირს ნებისმიერი კანონი შეცვალონ და დაჩქარებული წესით შეცვალეს კანონი მხოლოდ იმისთვის, რომ საბოლოოდ ნათია თურნავა დაენიშნათ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად, ეს ყველანაირ საღ აზრს ცდება," - აცხადებს რაქვიაშვილი.

ოპოზიციის კი ამბობს, რომ ის თუ ვინ შეასრულებს პრეზიდენტის არ ყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ბორდმა უნდა გადაწყვიტოს.

"ბევრად უფრო უკეთესო იქნება რომ ბორდმა გადაწყვიტოს, ანუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არ ყოფნის შემთხვევაში, გადაწყვიტოს ბორდმა რომელ ვიცე-პრეზიდენტს დაეკისროს დროებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ქალბატონი სალომე ამ შემთხვევაში მართალია და ამის დრო, საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს," - ამბობს პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, შალვა კერესელიძე.

"ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ვეტოს უნდა მოჰყვეს სამართლებრივი არგუმენტი, თუ რის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება. ამის შემდგომ უკვე პარლამენტი იმსჯელებს დაძლიოს თუ არა პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო.

"მისი ვალდებულება არის რომ თუ ვეტოს ადებს არგუმენტები უნდა იყოს მოყვანილი, რის გამოც ადებს ვეტოს. როცა ჩვენ ეს არგუმენტები გვეცოდინება, იმისდა მიხედვით იმსჯელებს პარლამენტი და მიიღებს გადაწყვეტილებას დაძლევა - არ დაძლევაზე. მომავალი სასესიო კვირისათვის ჩვენ გვექნება უკვე მისი ვეტოს დადების შესახებ გადაწყვეტილება, თავისი დასაბუთებით, შემდეგ კომიტეტი იმსჯელებს და გამოვა პარლამენტზე," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის თქმით, პრეზიდენტი ისეთ გადაწყვეტილებას უპირისპირდება, რომელიც თითქოს საკამათო არ არის.

"გარკვეული პოლიტიკური ვითარება აიძულებს პრეზიდენტს ან გარკვეულ ინსპირაციას უქმნის იმისათვის, რათა დაუპირისპირდეს კიდევ ერთხელ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც თითქოსდა არც საკამათოა და არც შეიძლება ამ თემასთან დაკავშირებით იყოს რაიმე წინააღმდეგობა," - თქვა ვოლსკიმ.

დღის ამბები