17 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
600 ცხვრის გატაცების საქმეზე 5 პირი დააკავეს - დაზარალებულმა ფერმერმა "კრიმინალურ ავტორიტეტს" მიმართა

სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ბ.-მ , ნ.ბ.-მ, მ.რ.-მ და ზ.ბ.-მ ძალადობის მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ გაიტაცეს ლ.მ.-ის ფერმიდან 600 ცხვარი.

ლ.მ.-ს და გ.ბ.-ს შორის მომხდარი კონფლიქტის გარკვევის და დავის მოგვარების მიზნით, ლ.მ.-ის მხარემ კრიმინალურ ავტორიტეტს - ა.ა.-ს მიმართა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ა.ა.-მ და გ.ტ.-მ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება მწყემსებს, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ გ.ბ.-ის კუთვნილ 1068 ცხვარს.

პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ,,აკ-74’’-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები, აგრეთვე, ,,ნაგანის’’ სისტემის პისტოლეტი ვაზნებით, რომლებიც ა.ა.-მ და გ.ტ.-მ სავარაუდოდ მიმალვის დროს თავიდან მოიშორეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, 236-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დღის ამბები