17 მაისი 2024,   11:08
ვრცლად
მკვლელი, რომელსაც სავარაუდოდ მუდმივად ფულს სძალავდნენ - გორში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

სროლის ხმაზე გამოსულ ადგილობრივებს, ირაკლი კობერიძე უკვე გარდაცვლილი დახვდათ, მისი თანმხლები ვანო ღვინიაშვილი კი მძიმედ დაჭრილი. ანგარიშესწორების ადგილზე პოლიცია რამდენიმე წუთში მივიდა. ავტოსახელოსნოების მიმდებარედ, სამართალდამცველებმა ნიკა სიბაშვილი დააკავეს.

32 წლის მამაკაცი ახლა გორის დროებითი მოთავსების იზოლატორშია. მას უკვე შეხვდა ადვოკატი. ინტერესების დამცველის თქმით, სიბაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობს და პოლიციას ჩვენებაც მისცა. დაკავებულის პოზიცია ასეთია - იმყოფებოდა იძულებითი მოგერიების ქვეშ და თავს იცავდა. იურისტი "კურიერთან" საუბრისას ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, კობერიძე და ღვინიაშვილი, უფასო მომსახურების გარდა, ფულსაც სძალავდნენ და სიცოცხლის მოისპობით ემუქრებოდნენ.

ადვოკატის ვერსია ნაწილობრივ დაადასტურეს სადგურის დასახლებაში მცხოვრებლებმაც. თვითმხილველები მომხდარი ფაქტის დეტალებზე საუბარს თავს არიდებენ, თუმცა არ უარყოფენ, რომ ახალგაზრდებს კონფლიქტი წარსულშიც ჰქონდათ.

მძიმედ დაჭრილი ვანო ღვიანიაშვილი ახლა სამედიცინო დაწესებულებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის. 27 წლის მამაკაცს გადაუდებელი, ქირურგიული ჩარევები დასჭირდა, ექიმების თქმით, პაციენტი საავადმყოფოში ცეცხლნასროლი მრავლობითი ჭრილობებით შეიყვანეს. ამ დრომდე დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობაზე დღეს კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, პოლიცია სხვადასხვა ვერსიებზე მუშაობს და გამოიკითხება ყველა პირი, ვინც ახალგაზრდებს შორის მომხდარ ანგარიშსწორებაზე რამე იცის. ოფიციალურ მოტივად ურთიერთშელაპარაკება დასახელდა.

ნიკა სიბაშვილის წინააღმდეგ გამოძიება განზრახ მკვლელობის და განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. სადგურის დასახლებაში მთელი რამის განმავლობაში ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. ამოღებულია ნივთმტკიცებებიც, მათ შორის დანაშაულის ჩადენის იარაღი.

დღის ამბები