"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ნადირაძემ ძველი თბილისის პოლიციის სამმართველო 5-საათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა. ნადირაძე გამოკითხვაზე, აქციაზე მის მიმართ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით იმყოფებოდა.
მისი თქმით, თავს უცნობი მამაკაცი დაესხა, რასაც წინ დაპირისპირება არ უძღოდა. პოლიტიკოსს ორშაბათს სამედიცინო ექსპერტიზაზე დაიბარებენ. გამოძიება მედიაში გავრცელებული კადრების საფუძველზე დაიწყო.
"უნდა ჩავრთულიყავი პირდაპირ ეთერში და მოვიდა ადამიანი, უბრალოდ მკითხა სახელი და გვარი, ვიყავი თუ არა ირაკლი ნადირაძე, მას შემდეგ რაც ვუთხარი, რომ ვიყავი ირაკლი ნადირაძე, დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება. ჩხუბი ალბათ ნახეთ პირდაპირ ეთერში. ჩხუბის დროს ამ ადამიანს ჰქონდა რკინის ბასრი იარაღი. შპრიცი იყო თუ რა იყო, ალბათ ამასაც გამოძიება დაადგენს.
ვერ გეტყვით ეს ადამიანი ვინ არის, გამოკითხული და იდენტიფიცირებულია თუ არაა," - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.