"ქართული ოცნების" ლიდერმა 7-8 მარტს, თბილისში, ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, განვითარებული მოვლენების დროს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში შექმნილი ვითარება "ფაშისტური კამპანიის" ტოლფასი იყო.
არსებული ვითარება ირაკლი კობახიძემ საუკუნის წინანდელ ვითარებას, ახალგაზრდა ბოლშევიკების მიერ, საწინააღმდეგო შეხედულების მქონე პროფესორების უნივერსიტეტიდან გაძევებას შეადარა.
"განსაკუთრებით შემაშფოთებელია ფაშისტური კამპანია, რომელიც უნივერსიტეტებსა და სკოლებში წარმოებდა. დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც კი, როგორიცაა სკოლის პედაგოგების მიერ საკუთარი მცირეწლოვანი მოსწავლეების მშობლების მოღალატეებად მოხსენიება, რაც ფაშიზმისა და ბოლშევიზმის უმძიმესი გამოხატულებაა. აგრეთვე დაფიქსირდა კამპანია საუნივერსიტეტო სასწავლო პროცესიდან პროფესორების ჩამოშორების მოთხოვნით.
ამგვარი კამპანია საქართველოში ბოლოს წარმოებდა ზუსტად ერთი საუკუნის წინ ახალგაზრდა ბოლშევიკების მიერ, რომლებმაც საწინააღმდეგო შეხედულების მქონე პროფესორები (მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი, ივანე ჯავახიშვილი) უნივერსიტეტიდან გააძევეს.
შემაშფოთებელი იყო "ნაციონალი" ლექტორების მიერ სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტების პოლიტიკური პროპაგანდისთვის გამოყენება, რაც აკადემიური ეთიკის უხეში დარღვევაა. შეგახსენებთ, რომ ნაციონალი ლექტორები თავად შლიდნენ სასწავლო პროცესს, სტუდენტებს აქციებში მონაწილეობის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნიშნების მომატებას და ა.შ. უნივერსიტეტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაც ნაციონალური მოძრაობის უცვლელი ხელწერაა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.