03 მაისი 2024,   06:12
ვრცლად
"პარადოქსი და ცინიზმი" - როგორ აფასებენ პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილის დაჯილდოებას ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლისთვის

პარადოქსი და ცინიზმი - ასე აფასებს "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილის ნორვეგიაში დაჯილდოვებას, რომელსაც პრიზი ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლისთვის გადასცეს.

"ეს იგივეა, შუა საუკუნეებში თემურ-ლენგისთვის რომ გადაეცათ პრიზი მსოფლიო მშვიდობის დარგში. სააკაშვილი არის კრიმინალი, რომელიც სახელობით არის მოხსენიებული ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში, როგორც დანაშაულებრივი სახელმწიფო სისტემის ავტორი. მის დროს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ხდებოდა,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.

მმართველი გუნდის შეფასებას ოპოზიციის ნაწილიც იზიარებს და აცხადებს, რომ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებათა დაცვისთვის ჯილდოს გადაცემა არასწორია. 

"მგონია, რომ ამ მიმართულებით მისთვის პრიზის გადაცემა მინიმუმ არასწორია იმ ადამიანებთან, ვინც ზიანი განიცადა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. მას შეიძლებოდა გადასცემოდა სხვა პრიზი, მაგალითად იმპერიალისტური გავლენების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, მაგრამ უფლებებისა და დემოკრატიის დარგში გადაცემული პრიზი, არ მგონია, რომ ადეკვატური იყოს," - აღნიშნავს ანა ნაცვლიშვილი.

განსხვავებულია "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია:

"აღნიშნული ჯილდოთი კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად იყო გამორცეული ლიდერი მთელი რეგიონისთვის და მას უდიდესი წვლილი აქვს მთელი რეგიონის დემოკრატიის განვითარებისთვის. გასაგებია "ქართული ოცნების" დმაოკიდებულება, ისინი უბრალოდ გულზე სკდებიან, მთელი ცივილიზებული სამყარო კი იმაზე საუბრობს, თუ როგორი დამსახურებები ჰქონდა და აქვს მიხეილ სააკაშვილს."- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე. 

მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიელი პოლიტიკოსის შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი 25 მარტს გადაეცა.

დღის ამბები