მარტის აქციების დროს, პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისმა რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რის შედეგადაც სამართალდამცველები დაშავდნენ. დაკავებული 21 წლისაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას წარსულში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სახდელი ედო. ის პასუხისგებაში იყო მიცემული ოჯახური დანაშაულისთვისაც. უწყებაში განმარტავენ, რომ სწორედ დაკავებულმა წაუკიდა ცეცხლი დემონსტრაციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილსაც.
დაკავებულის ბაბუამ, გია კანდელაკმა მედიასთან საუბარში დაადასტურა, რომ მისი შვილიშვილი რამდენჯერმე იყო ნასამართლევი, მათ შორის მამაზე ძალადობის გამოც.
"ბინა გაჩხრიკეს, ჰუდი წაიღეს და გატეხილი ტელეფონი. როდესაც შევეკითხე რაშია საქმე-თქო, მიპასუხეს აქციასთან დაკავშირებითო, მეტი არაფერი. აქციაზე რომ მიდიოდა, მეუბნებოდა. წარსულში, ცესკოსთან დაკავშირებით იყო დაკავებული და არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი, ოჯახური კონფლიქტიც იყო," - განაცხადა დაკავებულის ბაბუამ გია კანდელაკმა.