15 ნოემბერი 2024,   08:16
ვრცლად
ნაციონალური მოძრაობის მმართველობის სამართლებრივი შეფასება, დასავლეთიდან რეკომენდაციების შეწყვეტა და უნდობლობა პრეზიდენტს - კიდევ რა გზავნილები ჰქონდა აქციას "მოვდივარ"

"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის წლების სამართლებრივი შეფასება, დასავლეთის მხრიდან რეკომენდაციების შეწყვეტა და უნდობლობა პრეზიდენტს - ეს ის ძირითადი მოთხოვნებია, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა დააყენეს. გიორგი გაჩეჩილაძის და ზაზა პაპუაშვილის ორგანიზებულ დემონსტრაციაზე შეკრების მთავარ მიზეზად მშვიდობის შენარჩუნება დასახელდა.

მომიტინგეებს დღეს ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი გამოეხმაურა. პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილსა და კონსტიტუციით გარანტირებულ საკითხს წარმოადგენს, ევრო კრიტერიუმების შესრულება კი პროცესის ის ნაწილია, რომელიც ყველა წევრმა გაიარა.

დემონსტრანტების მოთხოვნებს ანტიდასავლურ რიტორიკას უკავშირებს ოპოზიცია. მათი ნაწილი, გაჟღერებულ იდეებს არარელევანტურსა და დროში აცდენილსაც კი უწოდებს.

ის, რაც ოპოზიციისთვის ანტიდასავლურად გამოიყურება - ღირსეული პარტნიორობის მოთხოვნაა "ხალხის ძალისთვის". მოძრაობის ლიდერები აქციის მონაწილეთა რიტორიკას იზიარებენ და ამბობენ, რომ დასავლეთმა საქართველოსთან თანასწორუფლებიანი პარტნიორის ენით უნდა ისაუბროს.

გასამართლების მოთხოვნის საპასუხოდ, პარტიული რეიტინგის ზრდა და 11 წლის განმავლობაში არჩევნებზე ნაჩვენები შედეგი მოჰყავთ "ნაციონალურ მოძრაობაში". ოპოზიციური ძალა დემონსტრანტებს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებაში ადანაშაულებს.

დემოკრატიული საზოგადოებაში ყველა ჯგუფს აქვს უფლება, საკუთარი შეხედულებები ჰქონდეს და ამაზე ხმამაღლა ისაუბროს - ასეთია მმართველი პარტიის ლიდერების პოზიცია. სახელისუფლებო გუნდში განმარტავენ, რომ მწვავე გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, მშვიდობის შენარჩუნების და გაფრთხილების სურვილი, ქვეყნის სიცოცხლისუნარიანობისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია.

აქცია სახელწოდებით - "მოვდივარ" გუშინ რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა. ორგანიზატორებმა პოლიტიკური გზავნილების გარდა, ქვეყნის მემარჯვენე ეკონომიკური მიდგომის შეცვლაც მოითხოვეს.

დღის ამბები