15 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
თბილისი ევროპის სტუდენტური გაერთიანების საბჭოს შეხვედრის მასპინძელია

საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით, 1-8 მაისს,  თბილისი ევროპის სტუდენტური გაერთიანების საბჭოს რიგით 84-ე შეხვედრას მასპინძლობს.

ღონისძიების ოფიციალური გახსნის ცერემონია დღეს თბილისის საკრებულოში გაიმართა, სადაც თბილისის მერი კახა კალაძე იმყოფებოდა. 

დედაქალაქის მერმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

"მოხარული ვარ, რომ თბილისი პირველად მასპინძლობს ევროპის ახალგაზრდული გაერთიანების საბჭოს სხდომას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვართ ევროპის სტუდენტური გაერთიანების (ESU) კანდიდატი წევრი 2019 წლიდან, რაც ახალგაზრდების საერთაშორისო კავშირების გამყარებას და მათ ინტეგრირებას შეუწყობს ხელს.

 ახალგაზრდების მაქსიმალური ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში ჩვენი ქვეყნის ძლიერი მომავლის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი
პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სახელმწიფოც და დედაქალაქიც აქტიურად მუშაობს და ამის დამსახურებაა, რომ დედაქალაქში არამარტო ადგილობრივი დონის ღონისძიებები თუ აქტივობები იმართება, არამედ ხშირად ვმასპინძლობთ მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებებსაც," - აღნიშნა კახა კალაძემ. 

თბილისის მერმა დელეგაციის წევრებს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს დედაქალაქში გატარებული დღეები მათთვის დაუვიწყარი იქნება.

"ვიცი, რომ დელეგაციას შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი აქვს, საქართველოში აირჩევენ ახალ მენეჯმენტს, გაიმართება სამუშაო სესიები, გაეცნობით ჩვენი ქვეყნის კულტურას, ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს, უგემრიელეს სამზარეულოს. მინდა, წარმატებები
გისურვოთ და ერთი რამ ვთქვა: ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებს, ჩვენი მხრიდან სტუდენტებს ყოველთვის აქვთ მხარდაჭერა და თანადგომა სხვადასხვა პროექტებისა და პროგრამების საშუალებით. ეს მიდგომა გაგრძელდება ყოველთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ უწყებას, რომელიც ჩაერთო და მხარი დაუჭირა ამ პროექტს, აგრეთვე მინდა, წარმატება ვუსურვო დელეგაციის წევრებს დაგეგმილ აქტივობებში და ვიმედოვნებ, რომ ჩვენს დედაქალაქში გატარებული დღეები ყველა სტუმრისთვის დაუვიწყარი იქნება," - განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა. 

საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია 2019 წლიდან არის ევროპის სტუდენტური გაერთიანების (ESU) კანდიდატი წევრი. ESU დაფუძნდა 1982 წელს და აერთიანებს 41 სახელმწიფოს ეროვნული სტუდენტური გაერთიანების წევრ 20 მილიონზე მეტ სტუდენტს. ევროპის სტუდენტური გაერთიანება წარმოადგენს ევროკავშირის ახალგაზრდულ ოფიციალურ ორგანიზაციას, რომელსაც აქვს კვოტა ხმის მიცემის უფლებით ევროპარლამენტში და მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპულ კომისიასთან, იუნესკოსთან, ევროპის საბჭოსთან, ბოლონიის პროცესის განმახორციელებელ ჯგუფთან და სხვა ორგანიზაციებთან.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

დღის ამბები