პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ემუქრებიან იმიტომ, რომ მან ქვეყანაში დააბრუნა დემოკრატია და ქვეყნის მართვა ინსტიტუტებით და არა კლანურად და იმ ფარული ჩრდილოვანი ინტერესებით, როგორც ამას აკეთებდა წინა ხელისუფლება.
"მინდა პირდაპირ ვთქვა რა სანქციებით და რისთვის ემუქრებიან ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ემუქრებიან იმიტომ, რომ მან ქვეყანაში დააბრუნა დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა და ქვეყნის მართვა ინსტიტუტებით და არა კლანურად და არა იმ ფარული ჩრდილოვანი ინტერესებით, როგორც ამას აკეთებდა წინა ხელისუფლება, როდესაც ქვეყნის ინტერესები, მოქალაქე არ იყო მთავარი, არამედ მთავარი იყო ის, თუ რა სჭირდებოდათ მათ და რა დავალებები ჰქონდათ მიღებული," - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, "ბოლო პერიოდში კვლავ გააქტიურდა და არ წყდება საუბრები ბატონ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ რადიკალური ოპოზიცია, მათი ლობისტები და სატელიტები ამ თემას კვლავ ააქტიურებენ."
მისივე თქმით, სწორედ იმიტომ ებრძვიან ბიძინა ივანიშვილს, რომ მან ქვეყნის მართვა გახადა ინსტიტუციონალიზებული.
"სწორედ ეს დაამთავრა საქართველოში ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და დააბრუნა ქვეყნის ინტერესების და მოქალაქის საუკეთესო ინტერესებით ქვეყნის მართვა და ქვეყნის მართვა გახადა ინსტიტუციონალიზებული. ამისთვის ემუქრებიან ამ ადამიანს, რომელიც პრაქტიკულად დღეს, ევროპის შუაგულში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და რეპუტაციულად ყველაზე სანდო ბანკის მიერ არის პრაქტიკულად დასანქცირებული, მას არ ეძლევა საშუალება, რომ საკუთარი ქონება და ფინანსები განკარგოს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.