15 ნოემბერი 2024,   08:17
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტშია - საქართველოს პრემიერ-მინისტრი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით წარდგება

"ღმერთი, სამშობლო, ოჯახი" - „ერთად ჩვენ ძლიერები ვართ“ - ეს არის კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენციის წლევანდელი დევიზი, რომელსაც საქართველოს პრემიერ მინისტრიც ესწრება. სიტყვით გამოსვლის გარდა დაგეგმილია მისი პირისპირ შეხვედრა ვიქტორ ორბანთან.

მემარჯვენეთა ყველაზე მასშტაბურ ფორუმზე, სპიკერებს შორის, ირაკლი ღარიბაშვილი მესამე გამომსვლელია. პატივი სცენ უმრავლესობის ნებას - ეს არის მსოფლიოს მემარჯვენეთა ფრთის მთავარი იდეა.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით იმყოფება ქალაქ ბუდაპეშტში, სადაც იგი მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით წარდგება კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე. ეს კონფერენცია უკვე მეორედ იმართება ქალაქ ბუდაპეშტში, ასევე მოწვეულები არიან სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი, ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს", - განაცხადა თამარ ლილუაშვილმა.

უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში ანა მარია შიკოს თქმით, ისინი მოხარულები არიან, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო ეს მოწვევა, სიტყვით გამოსულიყო ამ მნიშვნელოვან კონფერენციაზე.

მოხარულნი ვართ, რომ მისმა აღმატებულება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო ეს მოწვევა სიტყვით გამოსულიყო ამ მნიშვნელოვან კონფერენციაზე. მიხარია, რომ კვლავ მეძლევა შესაძლებლობა ბუდაპეშტში ვუმასპინძლო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მის აღმატებულება ირაკლი ღარიბაშვილს. გასულ წელს ჩვენ გვქონდა შესანიშნავი შეხვედრა, სადაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე აყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შემდეგ, ჩვენ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც დივერსიფიცირების გეგმის ფარგლებში, ითვალისწინებს ენერგიის იმპორტს აზერბაიჯანიდან უნგრეთში, საქართველოსა და რუმინეთის ტერიტორიების გავლით. ჩვენ, ასევე განვიხილეთ მთელი რიგი დაგეგმილი პროექტები, რომლებსაც უკავშირდება ბევრი ვიზიტი დაგეგმილი საქართველოში. ოქტომბერში თბილისში სამთავრობო სამიტი იგეგმება, ამჯერად კი ჩვენ ვმასპინძლობთ მის აღმატებულებას, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე. "სიპაკი" წარმოადგენს, ამერიკელი პოლიტიკოსებისა და ყველა იმ ადამიანის უმნიშვნელოვანეს კონსერვატიულ შეხვედრას, რომლებიც დაინტერესებულები არიან კონსერვატიული მიდგომების მომავლით. უნგრეთი, როგორც კონსერვატიული ქვეყანა, სამ მნიშვნელოვან ღირებულებას ეფუძნება: ოჯახი, ქრისტიანობა და ჩვენი ერი. ვფიქრობ, სწორედ ამ დამოკიდებულებით აიხსნება ჩვენი მეგობრობა საქართველოსთან და სწორედ ამიტომ, მოხარულნი ვართ რომ მისმა აღმატებულება საქართველოს-პრემიერ მინისტრმა მიიღო ეს მოწვევა, სიტყვით გამოსულიყო ამ მნიშვნელოვან კონფერენციაზე", - განაცხადა ანა მარია შიკომ.

დღის ამბები