შს მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, რომელიც ქვეყანაში კრიმინალის ზრდას ეხებოდა, განაცხადა, რომ კონკრეტული ციფრები და სტატისტიკა საწინააღმდეგს აჩვენებს.
მისი თქმით, - 2022 წელს, პირველად მოხდა, რომ საქართველოში მკვლელობის 74 ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც 2012 წლამდე 300-დან 350 მკვლელობის ფაქტი ფიქსირდებოდა.
"თქვენ ყოველ წელს ამბობთ, რომ კრიმინალი გაზიარდა. მაგალითად შარშან პირველად მოხდა საქართველოში, რომ მკვლელობის 74 ფაქტი მოხდა, როდესაც იყო 300-350 შემთხვევა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ზუსტად 2012 წლამდე. ყველაზე დაბალი დაფიქსირდა 2022 წელს - 74 ფაქტი, რომელიც ნამდვილად უპრეცედენტოა. სტატისტიკა დაკლებულია, საიდან მოგაქვთ, რა ციფრებს უყურებთ, ვინ გეუბნებათ ამას, რომ კრიმინალი გაიზარდა, ეს უბედურებაა. არ შეიძლება ხალხი მოატყუოთ, ტყუილი უთხრათ ხალხს. ეს ციფრებია, რომელიც ჩვენს საიტზე ღიად დევს და ნახეთ. საიდან მოიტანეთ, რომ გაიზარდა კრიმინალი. მე გელაპარაკებით ციფრებით და ფაქტებით. მომიყვანეთ ფაქტები და დაგეთანხმებით. სტატისტიკაში ყველაფერი აისახება სადაც სისხლის სამართლის საქმე იღძვრება“ - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
გომელაურმა გოგებაშვილის ქუჩაზე გუშინ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გახსნილია დანაშაული, დაკავებულია ბრალდებული.
"გუშინ მოხდა ნამდვილად ცუდი შემთხვევა. გახსნილია, დაკავებულია ერთი პირი. ის არის ჩვენი დაცვის პოლიციის თანამშრომელი, რომელიც კერძო პირთან მუშაობდა დაცვაში“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.