არის თუ არა დავით არახამიას განცხადება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა - ამის შესახებ ქართულ ოპოზიციურ სპექტრში განცხადებები გაკეთდა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ არახამია უბრალოდ დასავლეთის პოზიციას იმეორებს და ეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად არ უნდა შეფასდეს.
"ვფიქრობ, ეს განცხადება არ უნდა ჩაითვალოს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევად. ეს არის ოფიციალური დამოკიდებულება, პოზიცია, რომელიც აქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ბევრ ქვეყანაში, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. თავისთავად, ყველას აქვს მოლოდინი, რომ 2024 წლის არჩევნებში მოხდება ხელისუფლების კონსტიტუციური, კანონიერი გზით შეცვლა, ვინაიდან დღეს "ქართული ოცნება" არ წარმოადგენს საქართველოს ხალხის პოზიციას. ამ განცხადებით კიდევ ერთხელ გახდა ჩვენიო საზოგადოებისთვის ცნობილი ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია,"- აცხადებს ბეჟაშვილი.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე იზიარებს დავით არახამიას პოზიციას და ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს, თუმცა ამბობს, რომ ამის გამო ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს.
"ვიზიარებთ კი არა, ამას ვამბობთ აბსოლუტურად ყველგან, რომ დიახ, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს, მაგრამ "ქართული ოცნება" არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამიტომ ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს "ქართული ოცნების" გამო. ვეთანხმები, მეც დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ეს მავნებელი პრორუსული ძალა აღარ იქნება საქართველოში,"- აცხადებს გიორგი ვაშაძე.
პარტია "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქვეყნებს შორის დიდხნიან მეგობრობას ჩრდილი არ უნდა მიაყენონ.
"ორივე ქვეყნის ორივე ხელისუფლების მხარეს ეხება ეს, რომ არავის არ აქვს უფლება რაიმე ზიანი და ჩრდილი მიაყენოს იმ დიდხნიან ურთიერთობებს რაც უკრაინელ და ქართველ ხალხებს შორისაა ჩამოყალიბებული. მე არ ვფიქრობ, რომ ეს საშინაო საქმეებში ჩარევაა, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა მხოლოდ, ჩემი აზრით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მიზანია 2024 წლის არჩევნების შემდეგ ვერც "ოცნებამ" და ვერც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ცალკე აღებულმა, დამოუკიდებლად ვერ უნდა შეძლონ ქვეყნის თავის ჭკუაზე ტრიალი - ეს არის უმნიშვნელოვანესი,"- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
ცნობისთვის, რადას ფრაქციის, "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ, დავით არახამიამ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ დარწმუნებულია, საქართველოში არჩევნების შემდეგ ხელისუფლება შეიცვლება. პარალელურად, არახამია ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსს და ევროპულ მომავალს მთავრობა არ იმსახურებს.