ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობიდან გამომდინარე, ანგარიში არაფერს გაეწია.
"ზელენსკის განცხადება და პარლამენტარების მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ის უნდა იყოს გადაყვანილი, არაფერს არ გაეწია ანგარიში. მე არ მომეწონა ეს გადაწყვეტილება, სხვა რამეს ველოდებოდი, პირველ რიგში, ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია.
ექსპრეზიდენტის ადვოკატი შოთა თუთბერიძე კი ამბობს, რომ ყველა მექანიზმი იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს:
"სასამართლომ აპლიკაცია მიიღო და განიხილა. ამ ეტაპზე, სასამართლოს მსჯელობის საგანი არ ყოფილა იმის დადგენა, დაირღვა თუ არა მიხეილ სააკაშვილის უფლებები. სასამართლომ, უბრალოდ, თქვა, რომ არ დაავალებს საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას საზღვარგარეთ. აქამდეც და შემდეგადაც ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს,"- აცხადებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე.
"ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძეს კი მოლოდინი აქვს, რომ საქმის არსებითი განხილვის შემდეგ, გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ იქნება მიღებული:
"ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა ევროკავშირის სპეციალური სამედიცინო მისია - პოლონელი ექიმებისა და ექსპერტების მეთაურობით არ ჩამოსულიყვნენ ქვეყანაში და არ დაედოთ ობიექტური დასკვნა. მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის. დარწმუნებული ვარ როდესაც არსებითი განხილვა დასრულდება, გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ იქნება მიღებული,"- აღნიშნავს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე.