პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ეხმაურება პუტინის გადაწყვეტილებას, საქართველოსთან უვიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის მოხსნის შესახებ და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება თავის გადაწყვეტილებებში პრინციპული იქნება.
მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლება, საკუთარ მოქალაქეების მიმართ სანქციების არდაწესების გამო, პრორუსული ვერ იქნება.
"მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებისათვის სანქციების არდაწესების საკითხს ცდილობენ პრორუსულად გაყიდონ - როდესაც მიხეილ სააკაშვილი რუსეთის მოქალაქეებს უხსნიდა სანქციებს, თქვენ მაშინ მას მაინც პროდასავლელს ეძახდით, ხოლო როდესაც დღევანდელი ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს სანქციებს არ უწესებს, ამას ცდილობთ, პრორუსულობა დაარქვათ. იქნებ დაფიქრდეთ ხომ გაქვთ მშვიდობა აზროვნებასა და ლოგიკაში. რა წარმოდგენა გაქვთ ქართულ საზოგადოებაზე, რომელიც ამას თითქოს ვერ მიხვდება. საქართველოს ხელისუფლება თავის გადაწყვეტილებებში პრინციპული იქნება და არ დაექვემდებარება მარტივ, პრიმიტიულ ბულინგს, რომ თითქოს ტექნიკური საკითხების დაბლოკვით, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უნდა დასანქცირდნენ,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
პუტინის გადაწყვეტილება, საქართველოსთან უვიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის მოხსნის შესახებ, ხვალიდან ძალაში შედის.