საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევნებისას კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ოპოზიცია არ არის ერთიანი და უფრო მეტიც - თავად პარტიების შიგნითაა განხეთქილება.
მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" არ სურს რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ყველაფერს აკეთებენ ამისთვის.
"რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს კანდიდატის სტატუსის არ მისაღებად ჩვენი ქვეყნისთვის, დღესაც ამის გამოვლინება იყო, ეს არის მორიგი ტესტი. ეს არის ლიბერალური ფაშიზმისთვის დამახასიათებელი მეთოდები, რასაც კიდევ ერთხელ მიმართა რადიკალურმა ოპოზიციამ, "ნაცმოძრაობამ", ეს არის მათი საქმე, მაგრამ საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს მათ სახეს. ოპოზიცია არის გახლეჩილი, ოპოზიცია პარტიების შიგნითაც კი არის გახლეჩილი, პარტიების შიგნით აქვთ პრობლემები. "ნაცმოძრაობა" იცით რომ მარტივ მამრავლებად არის დაყოფილი. შესაბამისად, ეს ყველაფერი აისახება მათ საერთო მდგომარეობაზე. კიდევ ერთხელ მოხდა იმის ლუსტრაცია, თუ ვის სურს კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენი ქვეყნის მიერ და ვის არ სურს. რა თქმა უნდა, ოპოზიციაში არსებული განხეთქილებაც კიდევ ერთხელ გახდა ნათელი დღევანდელი სხდომის შემდეგ. იმ დეპუტატებმა ოპოზიციიდან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას, არიან გარიგებული არა ვინმესთან, არამედ კანდიდატის სტატუსთან,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - საჭირო 90 ხმის მობილიზება ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა "კურიერმა" მალევე გაარკვია, რომ მმართველი გუნდის კანდიდატების სასარგებლოდ ხუთი ხმა, ხუთი ნომრით გასული დეპუტატებისგან იყო.