"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით, "საჭიროა არა პერსონიფიცირებული, არამედ სისტემური მიდგომა."
სამნიძის თქმით, ოპოზიცია იზიარებს ვენეციის კომისიის პოზიციას სისტემური მიდგომის საჭიროებაზე.
"ვენეციის კომისიის დასკვნის მთავარი მიმართულება იყო სისტემური მიდგომის საჭიროება და ამაზე იყო დისკუსია. ვენეციის დასკვნაში მითითებულია, რომ პერსონიფიცირებული მიდგომა კი არ არის გადამწყვეტი, არამედ საჭიროა სისტემური მიდგომა და ეს იყო ჩვენი მხრიდან გაზიარებული პოზიცია, კანონპროექტის მიღება არ აღმოფხვრის პრობლემას, საჭიროა სისტემური მიდგომა. კანონპროექტზე დეტალური საუბარი იყო, ჩვენ ჩვენი პოზიციები გავუზიარეთ და დავეთანხმეთ მათ დასკვნას, რომ პერსონიფიცირებული მიდგომა არ არის გამოსავალი და საჭიროა სისტემური მიდგომა, რაც ნიშნავს იმას, რომ კანონპროექტი კი არ უნდა მივიღოთ, არამედ სხვა კანონებში შევიტანოთ ცვლილებები, რაც გააძლიერებს ინსტიტუციებს და ვერ ექნებათ ოლიგარქებს, ოლიგარქს ხელისუფლების მიტაცების საშუალება," - განაცხადა სამნიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტში ვენეციის კომისიის დელეგაცია იმყოფება. ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ, მათ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები შეხვდნენ.