"ქართული ოცნება" სამგორის, გლდანისა და მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციებისა და ბიუროს წევრებს ხვდება. კონფერენციის მთავარი თემა მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების შერჩევაა.
თბილისის შემდეგ შეხვედრები გაიმართება რეგიონებშიც. აჭარა იყო პირველი რეგიონი, სადაც პარტიის თავმჯდომარემ და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებმა რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს.
"მცირე პაუზის შემდეგ ვაგრძელებთ კონფერენციების გამართვას მთელი ქვეყნის მასშტაბით. პარტიული კონფერენციების მიზანია რაიონული ორგანიზაციების წევრების არჩევა, ბიუროს წევრების არჩევა და გარდა ამისა კონფერენციაზე ჩვენი პარტიის წევრებს ვესაუბრებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ეს არის ამ კონფერენციების მთავარი მიზანი," - აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ მზადება არჩევნებისთვის დაწყებულია.
"დღეს ვაგრძელებთ პარტიულ შეხვედრებს, სადაც მოხდება რაიონული პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარეების და ბიუროს წევრების არჩევა. ეს პროცესი გაგრძელდება და გვინდა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა რაიონში ჩავიდეთ და შევხვდეთ ჩვენს პარტიის წარმომადგენლებს. დღეს საუბარი გვექნება სხვადსხვა საკითხებზე, გამოწვევებზე, პრობლემებზე, რა არის გასაკეთებელი. შეიძლება ითქვას, რომ მზადება არჩევნებისთვის დაწყებულია," - აცხადებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე.