"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საქართველოში აფხაზეთობის აღნიშვნას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი განცხადებით, ქვეყნის გაერთიანების ერთადერთი გზა მშვიდობაზე, შერიგებასა და განვითარებაზე გადის. ამის შესახებ ის წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მისი თქმით, ეს საქართველოს მკაფიო და პრინციპული გზავნილია.
"საქართველოს მკაფიო და პრინციპული გზავნილია ყველას და პირველ რიგში ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების მიმართ, რომ ქვეყნის გაერთიანების ერთადერთი გზა მშვიდობაზე, შერიგებასა და განვითარებაზე გადის.
ეს თავის მხრივ ეწინააღმდეგება გლობალური თუ რეგიონული ომის პარტიის პრაქტიკულად გაცხადებულ მიზანს საქართველოს ომში ჩართვის შესახებ.
სწორედ ამიტომ ტესტავენ ისინი აზრს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე საქართველოს პერსპექტივების შესახებ. თანაც, ბოლო დროის ყველაზე სპეკულაციური მესიჯით, - რომ თითქოს ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობით დაბრუნების მიზანი "რუსული ნარატივია". ეს არის ქართული მიზანი და ეროვნული საქმე!
ქვეყნის ნებისმიერი სამომავლო პერსპექტივა მხოლოდ ამ დათქმით განიხილება - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა!
გილოცავთ აფხაზეთობას!" - წერს მამუკა მდინარაძე.