ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ "ღამის კურიერის" ეთერში პასუხი გასცა ანი წითლიძეს, რომელიც პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესახებ ინიციატივას ეწინააღმდეგება.
რომან გოცირიძემ უპასუხა წითლიძეს რეპლიკას იმის შესახებ, რომ დეკანოიძე-გოცირიძის ინიციატივის მიხედვით, პოლიტიკურ ჯგუფს ისეთივე ბიუჯეტი ექნება, როგორიც ფრაქციას - თვეში 10 ათასი ლარის ოდენობით, და შეახსენა ის დაფინანსება, რითაც "ნაციონალური მოძრაობა" სარგებლობს.
"ნუ აპელირებენ ბიუჯეტით, ბიუჯეტი ჩემზე უკეთესად არავინ იცის. მე უბრალოდ არ მინდა, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს აბსოლუტურ უმრავლესობასთან, მეგობრები არიან. "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს წელიწადში 2.1 მილიონი ლარი დაფინანსება, "ნაციონალური მოძრაობის" 30 კაცს ჰყავს 30 თანაშემწე, ეს არის ნახევარი მილიონი ლარი და აპარატში არის კიდევ ერთი ნახევარი ლარის დახმარება, პარტიას 4 მანქანა ჰყავს. ამ 2.1 მილიონს თითქმის 1 მილიონი ლარი ემატება და იმით არგუმენტირებენ, რომ პარლამენტი დაზიანდება იმით, რომ ჯგუფს ექნება რაღაც დაფინანსება. ჯობია გაჩერდნენ და ფინანსებს ნუ ახსენებენ,"-აცხადებს რომან გოცირიძე.