15 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
გერმანიის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ლიდერებმა ტალინში შეხვედრისას უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე ისაუბრეს

გერმანიის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ლიდერებმა ტალინში შეხვედრისას უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე ისაუბრეს.

მხარეები თანხმდებიან, რომ ომში მყოფ ქვეყანას ახლა საჰაერო თავდაცვის ძალების გაუმჯობესება სჭირდება.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რაც უფრო სწრაფად მიხვდება პუტინი, რომ ვერ მიაღწევს მიზნებს, მით უფრო მალე დასრულდება ომი.

ესტონეთის პრემიერი კაია კალასი აცხადებს, რომ პუტინის მხრიდან მიწის ძარცვას მხარს არ უჭერს. 

"რაც უფრო სწრაფად გაიგებს რუსეთის პრეზიდენტი, რომ ვერ მიაღწევს თავის მიზნებს, მით უფრო მალე დასრულდება ომი. ჩვენი ძალა ჩვენი ერთიანობაა. მაგრამ ამ ერთიანობის დარღვევა კრემლის გამარჯვების სტრატეგიაა. ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ისინი ცდებიან. ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს პუტინის მხრიდან მიწის ძარცვას. სწორედ ამიტომ ნომერ პირველი აქცენტი არის იარაღი, საბრძოლო მასალა და წვრთნები. ეს ყველაფერი იმ მასშტაბით უნდა გაგრძელდეს, რომ უკრაინამ ეს ომი მოიგოს,"- აცხადებს კალასი. 

ლატვიის პრემიერ-მინისტრი კრიშიანის კარინში აცხადებს, რომ კოლექტიურმა დასავლეთმა უნდა შეძლოს რუსეთის სახელმწიფოს აგრესიის შეჩერება. 

"თუ ჩვენ, როგორც კოლექტიური დასავლეთი, ვერ მოვახერხებთ მეზობლის წინააღმდეგ სახელმწიფო აგრესიის შეჩერებას, მაშინ მსოფლიო სახიფათო ადგილი გახდება ყველასთვის. სწორედ ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება და უკრაინა ამ ომს მოიგებს, ის ნატოს წევრი უნდა გახდეს,"- აცხადებს კარინში. 

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა სიმონეტე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ნატოს თავდაცვის გეგმის მიღება.

"ვილნიუსის სამიტის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნატო-ს თავდაცვის გეგმის მიღება, არამედ მათი რეალიზაციისთვის ადეკვატური რესურსების გამოყოფა. ჩვენ ვილნიუსში უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები რეგიონში საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად. მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ეფექტური თავდაცვა, რათა აგრესორმა არც იფიქროს ნატო-ს შესაძლებლობების გამოცდაზე და გადაწყვეტილებაზე, რაც ალიანსის ყოველი სანტიმეტრის დაცვას გულისხმობს,"- აცხადებს სიმონეტე. 

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ პუტინი უკრაინის მიწის ძარცვით წარმატებას ვერ მიაღწევს. 

"ეს არ უნდა იყოს გაყინული კონფლიქტი. თუ რუსეთი ფიქრობს, რომ მას შეუძლია, წარმატებას მიაღწიოს უკრაინის მიწის ძარცვით, ის ამას ამ იდეითა და მცდელობით ვერ მიაღწევს. სწორედ ამიტომ დავუჭერთ მხარს უკრაინას იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება. რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები, ეს არის მშვიდობის საფუძველი,"- აცხადებს შოლცი. 

დღის ამბები