პაველ ჰერჩინსკისა და ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის შეხვედრის შესახებ მმართველ გუნდში უკვე გაკეთდა კომენტარები.
"ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ფრენების აღდგენა რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო. ამასთან, დაისვა კითხვა, თუ რატომ არ არის რუსეთის ყველა ავიაკომპანია სანქცირებულთა სიაში თავად ევროკავშირის მხრიდან.
"ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩვენი მთავრობის წარმომადგენლისთვის, კერძოდ, ვიცე პრემიერისთვის, რომ აუხსნას დაწვრილებით ევროკავშირის ელჩებს იმ პოლიტიკის შესახებ, რომელსაც საქართველო ატარებს, რომელსაც საქართველო ატარებდა აქამდე და, ასევე, იმ გადაწყვეტილების ლოგიკის შესახებ, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო. ასევე, ცოტა უცნაურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისგან პასუხების მოთხოვნა შეიძლება რაღაც ლოგიკაში ჯდებოდეს, თუმცა, ამ შემთხვევაში, მგონი პასუხს რუსეთის ხელისუფლებისგან უნდა ითხოვდეს ევროკავშირი. მე პირადად, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და როგორც კანონმდებელს, მაინტერესებს ის, თუ რატომ არ არის ევროკავშირის მიერ ყველა რუსული ავიაკომპანია დასანქცირებული და, ალბათ, ამ კითხვასაც დასვამს ჩვენი მთავრობის წარმომადგენელი,"- განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი კი აცხადებს, რომ ამ თემის განხილვა აუცილებელია და საჭიროა მუდმივი კონსულტაციები, მათ შორის, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან.
"ფრენების აღდგენა, ისევე, როგორც ფრენების შეჩერება არის ცალმხრივი გადაწყვეტილება და შენი მხრიდან დაწესება გარკვეული რეჟიმის, როდესაც ფრენების აღდგენის შემდეგ ეს ფრენები წყდება, ამას ჰქვია, რასაკვირველია კონკრეტული სახელი და ამ სახელს საკმაოდ სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს და ეს არის სანქციები. ამ თემის განხილვა აუცილებელია, საჭიროა და, ვფიქრობ, პროცესია, რომლის განმავლობაშიც მუდმივი კონსულტაციები უნდა გვქონდეს, მათ შორის, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნები რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო საქართველოს დემარშს უცხადებენ - ამ მიზნით პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, ეკონომიკის მინისტრს და ვიცე პრემიერს - ლევან დავითაშვილს ხვდება. კომენტარი სამინისტროში შესვლამდე დიპლომატებს არ გაუკეთებიათ, ინფორმაცია კი დემარშის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.