ევროკავშირის დემარში 27 ქვეყნის სახელით - რუსეთის ფედერაციასთან აღდგენილ პირდაპირ ფრენებს ევროპის გაერთიანება დიპლომატიური პროტესტით პასუხობს.
მისია, თავის თავზე, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და რამდენიმე ელჩმა აიღეს და დემარშის ფურცელი საქართველოს ვიცე-პრემიერს ჩააბარეს. ეს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ ბოლო სამ თვეში უკვე მეორე დემარშია. პირველი თებერვალში პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას ეხებოდა.
ევროკავშირმა იცის, რომ ფრენების აღდგენა რუსეთის გადაწყვეტილება იყო, თუმცა ელჩი აცხადებს, რომ ის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას საჭიროებდა. დემარში თბილისის თანხმობამ გამოიწვია. პაველ ჰერჩინსკი არ ფლობს ინფორმაციას, მოჰყვება თუ არა დიპლომატიურ ნოტას უფრო რადიკალური ნაბიჯები და მიდის თუ არა ბრიუსელში დისკუსია სანქციებზე.
"ძალიან ღია და გულწრფელი დიალოგი გვქონდა ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილთან, საქმე ეხებოდა პირდაპირ ფრენებს რუსეთსა და საქართველოს შორის. მე დამავალეს, გადმომეცა ევროკავშირის 27 სახელმწიფოს პოზიცია. ეს პოზიცია მიღებულია 27 ქვეყნის მიერ ბრიუსელში. მე შეხვედრაზე მახლდა ევროკავშირის ყველა ელჩი. ჩვენ ვუთხარით, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, იმისთვის, რომ მათ მიიღეს და დაეთანხმნენ რუსეთთან პირდაპირ რეისებს. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკავშირის ერთსულოვან პოზიციას, რომ არ იყოს არანაირი პირდაპირი ფრენა რუსეთთან ან რუსეთიდან. ასევე, არ დაუშვან ევროკავშირის ცაზე რუსული თვითმფრინავების ფრენა. ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკავშირის გადაწყვეტილებას, მოვახდინოთ რუსეთის იზოლაცია და გავაძლიეროთ ზეწოლა მასზე, იმისთვის, რომ რუსეთმა შეცვალოს ქცევა, როცა საქმე ეხება უკრაინაში ბრუტალურ ომს.
მართალია, რომ ეს რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო - აღედგინა ფრენები, თუმცა, ეს მოითხოვდა შეთანხმებას საქართველოს მთავრობისგან. სწორედ ამიტომ დამავალეს გადმომეცა ეს გზავნილი 27 სახელმწიფოსგან, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო. ქართულმა მხარემ და ბატონმა დავითაშვილმა გადმოგვცა ის პოზიცია, რაც უკვე ისედაც ვიცოდით. დაგვარწმუნეს, რომ სანქცირებული თვითმფრინავები არ იფრენენ საქართველოში, მაგრამ ამ განცხადებას აკლია პოლიტიკური პუნქტი. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ერთსულოვანი გადაწყვეტილებაა რუსეთთან ყველა სახის ფრენის აკრძალვა, როგორც რუსეთიდან, ისე რუსეთთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია 27 სახელმწიფოს და სხვა პარტნიორი ქვეყნების მხრიდან, იმისთვის, რომ გააძლიერონ ზეწოლა რუსეთზე და შეაცვლევინონ მას ქცევა უკრაინასთან მიმართებით," - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.