"ამ ქვეყანაში მშვიდობა გვაქვს, რომელიც ზოგიერთ ომზე გაცილებით რთულად გადასატანია, ძვირი გვიჯდება ეს მშვიდობა, ოღონდ ეს სიძვირე მატერიალურში არ გამოიხატება, ჩვენს ნერვებში გამოიხატება," - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე შეფასებით, რუსეთისთვის სანქციების დაწესება ომის ტოლფასია.
"ჩვენი მეზობელი ქვეყნები ავიღოთ - ნატო-ს წევრი თურქეთი, ევროკანდიდატის სტატუსით, აზერბაიჯანი, სომხეთი, ისრაელი, ანუ რეგიონში ყველგან ღიაა ცა და მაინც და მაინც ჩვენ უნდა ჩავკეტოთ, ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან, დედა უნდა ეტიროს ამ ქვეყანას. არავინ საყვედურობს სხვა ქვეყანას არაფერს, ნატო-ს წევრ ქვეყანას არ საყვედურობს არავინ და საქართველოს საყვედურობენ, სადაც ჯარი გვიდგას დედაქალაქიდან 30 კმ-ში, ასეთი რეალური რისკებია და ეკონომიკას 2-ჯერ მეტი ზიანი მიადგება და მოქალაქეს, ვიდრე ეს პანდემიის დროს იყო და ჩვენ გვსაყვედურობენ, ჩვენ გვაძალებენ სანქციების დაწესებას და ამას არ ვაკეთებთ. რამდენიმე დღის წინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ჩვენ გვაქვს ამ ქვეყანაში მშვიდობა, რომელიც ზოგიერთ ომზე გაცილებით რთულად გადასატანია, ამ არგუმენტების გამო ვამბობდი, რომ რთულად გადასატანია ეს მშვიდობა, ძვირი გვიჯდება ეს მშვიდობა, ოღონდ ეს სიძვირე არ გამოიხატება მატერიალურში ქვეყნისათვის, ჩვენს ნერვებში გამოიხატება, ჩვენს მიმართ შანტაჟში და ჩვენს მიმართ მუქარაში. ამ შემთხვევაში, ევროკავშირის ელჩებზე არ ვლაპარაკობ, ასე არავინ თარგმნოს, არ გაბედოს. დემარში, თავის მხრივ, არაობიექტურია.
ომს არ დავიწყებთ, თქვენ [ჟურნალისტს] გინდათ, რომ ომი დავიწყოთ, შესაბამისი რეაგირება არის მიმართვები დიპლომატიური გზით. ომი რომ ვახსენე, ღიზიანდებით, მაგრამ სინამდვილეში, პასუხად გინდათ სანქციები, მე გეუბნებით, რომ სანქციები ომის ტოლფასია, სანქციები არის მათ შორის, გზა, რომელიც ომისკენ, ამ ქვეყნის ეკონომიკური გაპარტახებისკენ მიდის.
ამ ქვეყანაში ომს არ დავუშვებთ ერთადერთი შემთხვევის გარდა, თუ ვიღაც არ შემოგვივარდება ქვეყანაში და არ დააპირებს ომის გზით დამატებით ოკუპაციას, მიმდინარე ოკუპაციის გადაჭრას ჩვენ მშვიდობით ვცდილობთ და ამ გზაზე ვდგავართ, ეს არის ჩვენი მკაფიო გზავნილი ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების მიმართ, მაგრამ თუ ვინმე თავს დაგვესხა, რა თქმა უნდა, ვიბრძოლებთ და ის "ნაცები", პირველები გაიქცევიან, წითელ ხიდზეც ვეღარ მოძებნით, ჩვენი საბრძოლველი იქნება. თუკი, ამ ქვეყანაში საომარი იქნება, პირველი ჩვენ ვიომებთ და ვიბრძოლებთ, ვერ მიგვასწრებენ ვერც იმ ომთან "ნაცები", მათი გენეტიკური კოდი და ხასიათი ვიცი, არაფრის მეომრები სინამდვილეში ისინი არ არიან", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.