04 მაისი 2024,   23:20
ვრცლად
სტუდენტები რექტორის წინააღმდე - "ილიას უნივერსიტეტთან" შეკრებილი სტუდენტები ფინანსურ გამჭვირვალობას ითხოვენ

"ილიას უნივერსიტეტთან" შეკრებილი სტუდენტები, რექტორისგან დღესაც ფინანსურ გამჭვირვალობას ითხოვდნენ. ახალგაზრდების მტკიცებით, ბოლო 4 წლის ბიუჯეტი, რომელიც სტუდენტური პროგრამებისთვის იყო განკუთვნილი, არამიზნობრივად დაიხარჯა. მათი თქმით, საუბარია 318 მილიონ ლარზე. სტუდენტები სასწავლო დაწესებულებისგან დოკუმენტების გასაჯაროებას და განმარტებებს ელოდებიან.

არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სტუდენტებს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია არ ხვდება, რის გამოც ახალგაზრდები განათლების სამინისტროს მიმართავენ და ფინანსურ პრობლემებზე სასაუბროდ უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.

სტუდენტების ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ამბობს, რომ გახარჯულ ბიუჯეტთან დაკავშირებით ახალგაზრდებს ინფორმაცია არაერთხელ მიაწოდეს. ქეთევან ლაკირბაია იქვე ამტკიცებს, რომ თანხა, რომელზეც სტუდენტები საუბრობენ, არარეალურია.

სტუდენტებმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას დღეს განცხადებითაც მიმართეს და სასწავლო დაწესებულებაში სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტებთან დაკავშირებით განმარტებები მოითხოვეს.

სტუდენტები ბოლო 4 წლის ფინანსური დოკუმენტაციის გასაჯაროებას, თითქმის ერთი წელია ითხოვენ.

 

 ავტორი: ანუკა ბუავა

 

დღის ამბები