20 სექტემბერი 2024,   03:53
ვრცლად
12 რეკომენდაცია შესრულდება ისე, რომ სალაპარაკო არავის დარჩება, თუმცა დიდი შანსია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო უარყოფითი პასუხი მივიღოთ - სუბარი

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ 12 რეკომენდაცია შესრულდება ისე, რომ "სალაპარაკო არავის არაფერი დარჩება", თუმცა 100%-ით დარწმუნებული არ არის, რომ ევროკავშირი ქვეყანას სტატუსს მიანიჭებს.

როგორც სუბარი აცხადებს, პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ბევრი რამ გადაწყდება, დიდი შანსია, რომ სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო, ქვეყანამ უარყოფითი პასუხი მიიღოს.

"დარწმუნებული ვარ, 12 რეკომენდაცია შესრულდება ისე, რომ სალაპარაკო არავის არაფერი დარჩება, თუმცა 100%-ით დარწმუნებული არ ვარ, რომ სტატუსს მივიღებთ. პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ბევრი რამ გადაწყდება, დიდი შანსია, რომ სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო უარყოფითი პასუხი მივიღოთ. ამასწინათ ერთ-ერთ ძალიან რეიტინგულ დასავლურ გამოცემაში - "პოლიტიკოში" დაიწერა, რომ ევროკავშირის გაფართოება უნდა დამთავრდეს ბალკანეთზე და არანაირი საქართველო, უკრაინა და მოლდოვა იქ აღარ მოიაზრება. მით უმეტეს, რომ საქართველო გეოგრაფიულადაც უფრო შორს არის, ვიდრე მოლდოვა. უკრაინას რაც შეეხება, გასაგებია, მის მიმართ სხვა განწყობაა ამ ომის გამო, თუმცა უკრაინასთან დაკავშირებითაც კი მისმა ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მხარდამჭერმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ 2050 წელი არის ყველაზე ახლო თარიღი, როდესაც შესაძლებელი იქნება უკრაინის ხილვა ევროკავშირში მას შემდეგ, რაც უკრაინა გაიმარჯვებს და აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას. ამისთვის ყველაზე ახლო თარიღად მან 2050 წელი დაასახელა.

როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ 12 რეკომენდაცია მხოლოდ ფორმალურად სრულდება, ფორმალურში რას გულისხმობენ, თავადაც არ იციან. როდესაც საქმე ობიექტურ შეფასებაზე მიდგება, ვხედავთ, რომ საქართველო არის ბევრად წინ, ვიდრე ჩვენი პარტნიორები, თუნდაც აღმოსავლეთიდან. დარწმუნებული ვარ, ეს რეკომენდაციები მთლიანად შესრულდება. როგორი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგაზე ბევრი რამეა დამოკიდებული. არ მინდა, ისე გაიგოთ ჩემი ნათქვამი, თითქოს იმედი საერთოდ არ არის. თუნდაც ორიოდე დღის წინ, როდესაც ჩვენი პრემიერ-მინისტრი იყო დასავლეთის ქვეყნებში, პირდაპირ თქვა, ყველა ლიდერი, ვისაც ველაპარაკები, გამოხატავს მზადყოფნას დასახმარებლად და ამბობენ, რომ სურთ ჩვენი მათ რიგებში ხილვა და მათი კარი ღიაა ჩვენთვის. იმედები არსებობს, რაც არის იმ ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგი, რომელსაც ეწევა, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრი, შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო გუნდი და საგარეო საქმეთა სამინისტრო. მეორე მხრივ, ჩვენი ოპოზიცია ცდილობს, ჩაშალოს მთელი ეს პროცესი, თუმცა ამ შემთხვევაში საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება ნაკლებადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მუშაობს ხელისუფლება და როგორ მავნებლობს ოპოზიცია. ეს გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენადაა მზად ევროკავშირი გაფართოებისთვის, იმისათვის, რომ გადმოაბიჯოს შავ ზღვასა და თურქეთს, რომელიც 1999 წლიდან კანდიდატის სტატუსის მატარებელია და თქვას, რომ მზად არის საქართველოს ინტეგრაციისთვის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამასთან, სოზარ სუბარმა ისაუბრა პრემიერის განცხადებაზე, რომ უკრაინის NATO-სკენ სწრაფვა გახდა რუსული აგრესიის მიზეზი და მისი თქმით, ამას კრიტიკა მოჰყვა ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციისა და "ენჯეოებისგან", ასევე იმ ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც მუდმივად "ნაციონალურ მოძრაობას" ლობირებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლება დააზიანონ საერთაშორისო ასპარეზზე, ხოლო როდესაც მსგავსი შინაარსის განცხადებები არაერთმა ევროპელმა ლიდერმა გააკეთა, ეს ყველასთვის მისაღები აღმოჩნდა.

"მოდი, ეს კრიტიკოსები გავყოთ ორ ნაწილად. პირველი არის ქართული ოპოზიცია თავისი "ენჯეოებით" და მეორე - ის ევროპარლამენტარები, რომლებიც მუდმივად "ნაციონალურ მოძრაობას" ლობირებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლება დააზიანონ საერთაშორისო ასპარეზზე. აღარ გავამახვილებ ყურადღებას მათ განცხადებებზე, თუმცა იყო სხვა ტიპის განცხადებებიც, რომლებიც არ მგონია, რომ ძალიან სამართლიანი იყო. ღარიბაშვილმა რეალურად თქვა - რუსეთმა თავისი აგრესია იმით ახსნა, რომ ნატოს გაფართოებას არ დაუშვებდა. ეს არ იყო ის, რაც მხოლოდ ღარიბაშვილმა თქვა.

იგივე თქვა, მაგალითად, დასავლეთში ყველაზე ცნობილმა პოლიტოლოგმა და ყოფილმა პოლიტიკოსმა, ჰენრი კისინჯერმა, რომელმაც პირდაპირ განაცხადა - რუსეთმა გამოგვიცხადა, რომ არ დაუშვებდა NATO-ს გაფართოებას და ჯერ კიდევ 2014 წელს ვამბობდი, რომ აქ სიფრთხილე იყო საჭიროო.

იგივე აქვს ნათქვამი თავის დროზე - გასული წლის მარტში უკრაინის პრეზიდენტს და არაერთ ევროპელ პოლიტიკოსს. ასე რომ, აქ ახალი არაფერი იყო. ეს აგრესიის გამართლება კი არ იყო, არამედ ნიშნავს იმას, რომ თუ რუსეთი მუდმივად ამბობდა, რომ მისთვის წითელი ხაზები გადის სადღაც, ჩვენი პასუხი ხომ ყოველთვის იყო ის, რომ ვინ რომელ ალიანსში გაწევრიანდება, ეს არ არის არავის საქმე. მაგალითად, ამ შემთხვევაში, NATO არ მიაქცევს ყურადღებას, რას იტყვის პუტინი.

იმავე კონფერენციაზე კიშინიოვში ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროკავშირისკენ უკრაინის სწრაფვა იყო სწორედ ის მიზეზი, რის გამოც დაიწყო პუტინმა მის წინააღმდეგ აგრესია. გამოდის, რომ ევროკავშირის გამო დაიწყო პუტინმა აგრესია, ეს განცხადება მისაღებია, ხოლო პუტინმა აგრესია NATO-ს გამო დაიწყო - ეს განცხადება მიუღებელია?", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარის განცხადებას მოძრაობა "ხალხის ძალა "ავრცელებს.

დღის ამბები