20 სექტემბერი 2024,   04:10
ვრცლად
უნივერსიტეტის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერი გაეცნო

უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კახა კალაძის თქმით, გზის გარკვეული მონაკვეთები ჩავარდნილი იყო, ხოლო უნივერსიტეტისა და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე ძლიერი წვიმის დროს წყალი გუბდებოდა, რეაბილიტაციის შედეგად კი, ეს პრობლემები მოგვარდება.

"დავიწყეთ უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია. პირველი, რაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაკეთდება, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო.

აღნიშნული პრობლემა გზის სავალ ნაწილსაც ეტყობოდა - გარკვეული მონაკვეთები ჩავარდნილი იყო და გადაადგილების პრობლემას ქმნიდა. გარდა ამისა, გაკეთდება განათების ახალი სისტემა, დამონტაჟდება ლედ-სანათები, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვემოთ იქნება ჩატანილი და მოეწყობა სანიაღვრე სისტემა. ეს კონკრეტული ადგილი, რომელიც თამარაშვილის ქუჩაზე გასასვლელია, ძლიერი წვიმის დროს პრობლემას წარმოადგენდა, რადგან ერთ-ერთი დაბალი ადგილია და აქ ძალიან დიდი რაოდენობის წყალი გუბდებოდა. შესაბამისად, უნდა მოეწყოს სანიაღვრე სისტემა.

გარდა ამისა, საპარკინგე ადგილები გაჩნდება. აქამდე მანქანის გაჩერება შეუძლებელი იყო. ასევე, არ არსებობდა ტროტუარები, ფეხით გადაადგილებაც პრობლემას წარმოადგენდა, აღნიშნულ პროექტში კი ეს ყველაფერი გათვალიწინებული იქნება. სამუშაოებს ნოემბერში დავამთავრებთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები