20 სექტემბერი 2024,   04:16
ვრცლად
კულტურის კომიტეტზე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონში ცვლილებაზე მსჯელობენ - პროექტი ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად არის შემუშავებული

კულტურის კომიტეტზე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონში ცვლილებაზე მსჯელობენ. ინიციატორების თქმით, მოქმედი კანონმდებლობა კოლექტიური მართვის სფეროში სრულად ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს. ასევე, მასში არსებული ბუნდოვანება ქმნიდა ინტერპრეტაციის საშუალებას, რამაც სფეროში მთელი რიგი პრობლემები წარმოშვა.

შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ცვლილებების განხორციელების საჭიროება. პროექტი ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად არის შემუშავებული.

საავტორო და მომინჯნავე უფლებების კანონში შესატან ცვლილებებს აკრიტიკებს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA) ყოფილი თავმჯდომარე, გიგა კობალაძე. როგორც ის ამბობს, კანონში შესატანი ცვლილებები სარგებელს მოუტანს მხოლოდ "გერას".

"რუსული კანონი, რომელსაც პარლამენტი უკვე ორი წელია ცდილობს რომ მიიღოს საავტორო უფლებების შესახებ კანონში. ეს არის პირდაპირ მორგებული ამ რუსულ ორგანიზაციას და გამიზნული იმისთვის, რომ ჩვენ გვითხრა უარი აკრედიტაციაზე და მისცენ მას აკრედიტაცია. გერას რუსულ წარმომავლობაზე უკვე იმდენი მტკიცებულებაა შეგროვებული. პირველი, დაფუძნებისთანავე, გერსა დამფუძნებლები საჯაროდ ინტერვიუებში ამბობდნენ, რომ ისინი არიან „რაოს“ რუსული ორგანიზაციის შვილობილი კომპანია. პირდაპირ, ამონაწერებია გამოქვეყნებული, სადაც გერას სამი წლის განმავლობაში ჩარიცხული აქვს დაახლოებით მილიონ 400 ათასი დოლარის ექვივალენტი რუსეთიდან,“ - აცხადებს გიგა კობალაძე.

თემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა "გერას" გენერალური დირექტორმა, თათო გვარიშვილმა, რომელმაც გიგა კობალაძის ბრალდებებს უპასუხა.

"GCA-ს ჰქონდა რაოსთან 2018-19 წლამდე გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მერე შეწყდა. რამდენჯერმე მიმართა GCA-მ რაოს და ეს წერილები საჯაროდ იყო გამოქვეყნებული. მიმართავდა და სთხოვდა, რომ გაეგრძელებინათ კონტრაქტი. თუმცა, არ გაუგრძელე კონტრაქტი და ახლა ამის ბრალდება, რომ ჩვენ გავქვს რაოსთან კონტრაქტი, ვართ რუსები, არ ვიცი რამდენად ლეგიტიმურია.

შარშან ამბობდნენ GCA-ში, რომ სამ მილიონზე მეტი იყო აღებული, ახლა მილიონ 400 ათასი. ეს თანხა არის ის თანხა, რომელიც სავარაუდოდ იქნება 4 წლის განმავლობაში გადმორიცხული ჩვენი 520 ავტორისათვის," - ამბობს თათო გვარიშვილი.  

კულტურის კომიტეტის დაწყებამდე პარლამენტის წინ აქცია გამართეს ავტორ-შემსრულებლებმა. როგორც ისინი აცხადებენ, მათ კობალაძის მიმართ პრეტენზიები აქვთ. ისინი სფეროს მონოპოლიაზე და არამიზნობრივ ხარჯებზე საუბრობენ, რაც მათი თქმით, აუდიტის დასკვნამაც დაადასტურა. ისინი საავტორო უფლებების დაცვის "გერასთვის" გადაცემას ითხოვენ. 

დღის ამბები