გიორგი მუმლაძის მხარდაჭერა საკმარისი აღმოჩნდა რომ წალენჯიხის მერს რწმუნებულები სახლში გაეშვა. "ნაციონალურ მოძრაობაში" შიდაპარტიული არჩევნების შემდეგ, სოფელ ლიასა და ჯვარის გამგებლებს ხელშეკრულებების გაგრძელებაზე უარი უთხრეს. სამსახურიდან გათავისუფლებულები, პოლიტიკურ ზეწოლაში, საკუთარი პარტიის წევრს, მერის მოადგილეს ადანაშაულებენ.
გია ხარჩილავა მედიასთან დღეს არ გამოჩენილა. ბრალდებებს მისმა მოადგილემ უპასუხა. ივანე ბურდულმა ზეწოლის ფაქტები უარყო, თანაპარტიელების განცხადებებს აბსურდული უწოდა და მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ასევე საკუთარი პარტიის წევრს, წალენჯიხის მერს დააკისრა.
თავად გიორგი მუმლაძე, ვისი თანამოაზრეებიც პოლიტიკური ბრძოლიდან ჩამოიშორეს შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე საუბარს ერიდება. ამბობს, რომ წალენჯიხაში ჩავა და მის ფლანგს ადგილზე დაიცავს.
პარტიაში არსებული დაპირისპირებების კიდევ ერთ ფაქტზე საუბარს ერიდებიან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები. თინა ბოკუჩავა ამტკიცებს, რომ მორიგ საკადრო გადაწყვეტილებაზე ინფორმაცია არ აქვს.
"ნაციონალური მოძრაობის" ფლანგებს შორის დაპირისპირება არასერიოზულია მმართველი გუნდისთვის. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ყოფილმა ძალოვნებმა ჩამოშალეს, ერთიანობის აღდგენა კი მათი, აზრით შეუძლებელი იქნება.
ლიასა და ჯვარის ოპოზიციონერი რწმუნებულები სამსახურიდან გათავისუფლებას უსამართლოდ მიიჩნევენ და საკუთარი პარტიის წევრების გადაწყვეტილებაზე სამართლებრივ დავას გეგმავენ.
ავტორი: ანუკა ბუავა