04 მაისი 2024,   22:17
ვრცლად
საბერძნეთი ხმელთაშუა ზღვაში დაღუპულ 79 მიგრანტს გლოვობს - ასობით მოქალაქეს ზღვაში ამ დრომდე ეძებენ

საბერძნეთის ქალაქ კალამატას ერთ-ერთი საწყობში, ახლა ათობით გადარჩენილი მიგრანტი დროებით თავს აფარებს. მათი უმეტესობა თავშესაფარში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს, ნაწილი კი შოკიდან გამოსვლას ამ დრომდე ვერ ახერხებს. ბოლო მონაცემებით, გემის ჩაძირვას რომელზეც 700 ადამიანი იმყოფებოდა, 80- ზე მეტი მიგრანტი ემსხვერპლა. მაშველებმა მხოლოდ 104 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

სამძებრო სამუშაოებში სამაშველო ხომალდებთან ერთად სამხედრო ვერტმფრენებიც მონაწილეობდნენ. დაკარგულია ასობით ადამიანი. გემზე უმეტესად ახალგაზრდები იმყოფებოდნენ, ისინი ეგვიპტიდან, სირიიდან, პალესტინიდან და პაკისტანიდან იყვნენ. როგორც ირკვევა გემი ლიბიიდან იტალიის მიმართულებით მიცურავდა. ის საბერძნეთის ეროვნულმა სანაპირო დაცვამ გუშინ შუადღეს შენიშნა და დახმარებაც რამდენჯერმე შესთავაზა, თუმცა ბერძნულმა მხარემ მათგან ყოველ ჯერზე უარი მიიღო. რამდენიმე საათის შემდეგ გემიდან მიიღეს შეტყობინება, რომ ძრავა დაზიანდა. გზავნილიდან მალევე გემი გადაბრუნდა და დაახლოებით 15 წუთში კუნძულ პილოსის მახლობლად ჩაიძირა.

საბერძნეთის ეროვნულმა სანაპირო დაცვამ 2 ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ბორტზე მყოფთა რიცხვი ბევრად აღემატებოდა საზღვაო ხომალდში დასაშვებ რაოდენობას, რამაც დიდი ალბათობით გემის გადაბრუნება გამოიწვია. გადარჩენილი მიგრანტები ქალაქ კალამატაში მოინახულა საბერძნეთის პრეზიდენტმა. საბერძნეთის მთავრობამ მომხდარს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტრაგედია უწოდა და 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოში აცხადებენ, რომ მიგრანტები გამუდმებით ცდილობენ საბერძნეთის ტერიტორიაზე გაჩერებას თავიდან აარიდონ და იტალიაში გადასვლა შეძლონ. ფიქრობენ რომ ამ გზით ევროკავშირის ტერიტორიაზე დარჩენის შანსები გაცილებით დიდია.

არსებული სტატისტიკით, ხმელთაშუაზღვის გადაკვეთის დროს ბოლო 10 წელიწადში 250 ათასი მიგრანტი დაიღუპა.
 

დღის ამბები