20 სექტემბერი 2024,   04:08
ვრცლად
საავტორო უფლებების კანონში ცვლილებების პროექტს პარლამენტმა მხარი დაუჭირა - ინტერვიუ GERA-ს გენერალურ დირექტორთან

საავტორო უფლებების კანონში ცვლილებების პროექტს პარლამენტმა პლენარულ სესიაზე კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა. ცვლილებები საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების მართვის სისტემის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ამ თემით  Rustavi2 დაუკავშირდა  საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია GERA-ს გენერალურ დირექტორს, თამარ გვარიშვილს.

- როდის და ვის მიერ დაფუძნდა ასოციაცია GERA?
- GERA (Georgian Rightholders Association) დაფუძნდა 2019 წელს, ერთი მთავარი მიზნით- ქართველ ავტორ-შემსრულებლებს საკუთარი ინტელექტუალური უფლებები, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებით, დაეცვათ და მიეღოთ სამართლიანი ანაზღაურება. მე რაც ვიცი, ავტორ-შემსრულებლები წლების განმავლობაში დაგროვებული უკმაყოფილების ფონზე, სვამდნენ კითხვებს და ვერ იღებდნენ პასუხებს, იყო არასწორი დამოკიდებულება წევრების მიმართ GCA-ში. მათ გადაწყვიტეს, დაარსებულიყო ალტერნატიული ორგანიზაცია- შექმნეს საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც დააარსა ალტერნატიული ორგანიზაცია, რომელსაც შეეძლო უფრო ეფექტურად დაეცვა საავტორო უფლებები ბაზარზე. ასე შეიქმნა GERA. მათ ასოციაციის ხელმძღვანელობა აგვირჩიეს 5 წლის  ვადით, რათა არ მომხდარიყო სტაგნაცია და მენეჯმენტმა იმუშაოს მხოლოდ შედეგზე.

- როგორ დაგიკავშირდნენ ავტორ-შემსულებლები?|
- მე ახლო ურთიერთობა მაქვს რამდენიმე მათგანთან, ვინც მონაწილეობდა GERA-ს შექმნაში. ყოველთვის მაინტერესებდა შემოქმედებითი სფერო. უფრო მეტიც, განათლებით იურისტი ვარ და ისე მოხდა, რომ შემქმნელებმა არაერთხელ მომმართეს თხოვნით, დავხმარებოდი მათი ინტელექტუალური უფლებებისა და ინტერესების დაცვაში. შემოქმედებით ადამიანებს არც დრო და არც გამოცდილება არ აქვთ,  დამოუკიდებლად გაერკვიონ კანონებში, მათ სჭირდებათ პროფესიონალური მხარდაჭერა და საიმედო პარტნიორი, რომელსაც შეუძლია აიღოს ტვირთი და რაც მთავარია – პასუხისმგებლობა ეფექტური და გამჭვირვალე სისტემის შესაქმნელად მათი საავტორო უფლებების დასაცავად და კუთვნილი ანაზღაურების მისაღებად. ხელოვანები შემოქმედებით სფეროში უნდა იყვნენ  თავისუფლად, იმ შიშის გარეშე, რომ ვინმე მათ რამეს წაართმევს ან არ გადაუხდის. ამიტომ, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ვიცი ავტორებისა და საავტორო უფლებების მფლობელების პრობლემები. ალბათ ამიტომ შემომთავაზეს ეს სამუშაო.

- რამდენი წევრი ჰყავს დღეს  GERA–ს?
​- GERA-ში ამ ეტაპზე გაწევრიანებულია ასობით ხელოვანი, რომელთაგან 90% მუსიკალური სფეროს წარმომადგენელია. ამ ასობით ადამიანში, დიდი ნაწილი იყო GCA-ში და წამოვიდნენ, მაგრამ დანარჩენი ავტორ-შემსრულებლები, არსად იყვნენ გაწევრიანებულები, იმიტომ რომ ჰქონდათ დიდი უნდობლობა. ისინი მარტივად ჩვენთანაც არ მოსულან. დღეს, 4 წლის შრომის შემდეგ, ასობით ხელოვანი ადამიანებისაგან კომპლექტდება GERA, თუმცა ეს უნდობლობა წლების განმავლობაში ისე გავრცელდა ავტორ-შემსრულებლებში, რომ დიდი ნაწილი კვლავ უარს ამბობს ნებისმიერ საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციაში გაწევრიანებაზე. სხვანაირად რომ დავსვათ კითხვა, იმ ქვეყანაში, რომელშიც თითქმის 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, თან მაშინ როცა ქართველები მართლაც გამორჩეული ვართ მუსიკალური ნიჭით, როგორ მოხდა, რომ მრავალწლიანი ისტორიის მქონე ასოციაციაში მხოლოდ 2000-მდე წევრია დღეს, სულ ეს არის საქართველოში შემოქმედებითი საზოგადოება? ცხადია არა, უბრალოდ ისინი უნდობლობის გამო, ცდილობენ დამოუკიდებლად მართონ თავიანთი ინტელექტუალური საკუთრება, რაც ხშირად ძალიან დიდ პრობლემებს იწვევს. ჩვენ ამ საკითხზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რომ მათ ჩვენი გამჭირვალე მუშაობით, დავუბრუნოთ ნდობა. გვიხარია, რომ ჩვენი საქმიანობით კმაყოფილი წევრები თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ კოლეგებს და სწორედ მათ მოჰყავთ ისინი ჩვენთან.

- ძალიან აქტიურია საერთაშორისო ასოციაციებთან ხელშეკრულების საკითხი. რომელ საერთაშორისო ასოციაციებთან აქვს GERA-ს გაფორმებული ხელშეკრულება?
- ხელშეკრულებები გაფორმებულია 10-ზე მეტ ქვეყანასთან, მათ შორის: ყაზახეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, მოლდოვასთან, რუსეთთან, ჩინეთთან და ა.შ. ამ საკითხში მთავარ ფაქტორზე ვორიენტირდით -  სად ჟღერს ქართული მუსიკა.  რა თქმა უნდა, ჩვენ აქ არ გავჩერდებით და აქტიურად ვმუშაობთ სხვა ქვეყნებთანაც. რა თქმა უნდა, საერთაშორისო ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენთვის პრიორიტეტი არიან ქართველი ავტორ-შემსრულებლები. ასოციაციის მთავარი ამოცანაა, შევქმნათ ხელსაყრელი პირობები ჩვენი წევრებისთვის, ანუ იმ ქვეყნის უფლებების მფლობელებისთვის, სადაც ჩვენ ვმუშაობთ.

- როგორც ვიცით, თქვენ ხელშეკრულება გაქვთ რუსეთის საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაცია RAO-სთანაც. ამაზე ხშირად გაკრიტიკებენ, რა არის ამაზე თქვენი პასუხი?
- დიახ, ჩვენ ვთანამრომლობთ RAO-სთან და ეს ფაქტი ჩვენ არასდროს დაგვიმალავს. ნამდვილად არ ვაპირებთ ქართველი ავტორ-შემსრულებლების ჰონორარის დატოვებას ოკუპანტ ქვეყანაში. RAO-სთან ხელშეკრულება 2019 წელს გაფორმდა. ყველა მსხვილ უცხოურ კოლექტიური მართვის ორგანიზაციას აქვს მსგავსი ხელშეკრულება RAO-სთან. ქართველი ავტორების ნამუშევრები რუსეთში ძალიან ხშირად ჟღერს და RAO, ადგილობრივი კანონმდებლობის გათვალისწინებით, აგროვებს მათ ანაზღაურებას.  რუსეთი კი ქართული მუსიკალური კონტენტის ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელია. ჩვენი ავტორებისთვის საზღვარგარეთ გაჟღერებული შემოქმედებიდან მიღებული ანაზღაურება მათი შემოსავლის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. აქვე აღვნიშნავ, რომ GERA-სთვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიო საზოგადოებისთვის, რუსეთის აგრესიული, ბარბაროსული პოლიტიკა და მის მიერ გაჩაღებული ომი უკრაინაში ჩვენი მხრიდან დაგმობილია. უფრო მეტიც, როგორც კი რუსეთმა დაიწყო სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, GERA-მ მაშინვე შეატყობინა RAO-ს, რომ ცალმხრივად შეწყვეტს ანაზღაურების გადაცემას ოკუპანტი ქვეყნიდან ავტორებისთვის და საავტორო უფლებების მფლობელებისთვის, სანამ სიტუაცია არ მოგვარდება და რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები არ გაუქმდება.

- GERA თუ ურიცხავს RAO-ს თანხას?
- საბედნიეროდ, არცერთ ჩვენს ობიექტზე არ ჟღერს რუსული მუსიკა. ჩვენ არ ვტვირთავთ რუსულ მუსიკას მუსიკალურ ყუთში. არცერთ ობიექტს არ გამოუთქვამს სურვილი რუსული სიმღერის გაჟღერების, შესაბამისად, არ ვურიცხავთ. საბედნიეროდ, არც ომამდე და არც ომის შემდეგ არ ყოფილა არანაირი გადარიცხვა. როგორც ზემოთ ვთქვი, რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, GERA-მ დაუყოვნებლივ აცნობა RAO-ს, რომ შეუძლებელი იყო ანაზღაურების გადახდა რუსი ავტორებისთვის და საავტორო უფლებების მფლობელებისთვის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ არცერთი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის მიერ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ შეიძლება ანაზღაურების გამოქვითვა იმ ავტორების სასარგებლოდ, რომლებიც ამართლებენ რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების ქმედებებს.

- გავეცანით USAID- ის კვლევას, სადაც ავტორ- შემსრულებლები საუბრობენ, რომ ისინი კმაყოფილები არიან იმ ტექნოლოგიებით, რა ტექნოლოგიითაც GERA აგროვებს ჰონორარებს. თქვენი აზრით, ისინი ამ მიზეზით ირჩევენ GERA-ს და რა უპირატესობა აქვს ამ ასოციაციას?
- GERA-ს არაერთი უპირატესობა აქვს, თუმცა მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია კონკურენტულ გარემოში ნდობა და გამჭირვალობა. ამას ვაღწევთ ჩვენი კონტრაქტორი კომპანიის „როზუმის“ დამსახურებით. ეს სერვისი არა მხოლოდ საშუალებას გაძლევთ სრულად უზრუნველყოთ ნებისმიერი ობიექტის მუსიკალური აკომპანემენტი, იქნება ეს რესტორანი თუ სავაჭრო ცენტრი, არამედ გთავაზობთ სერვისების მთელ რიგს, მათ შორის, მუსიკალური განრიგის მართვას და ფლეილისტების შედგენას. ეს არის მოწყობილობა, სადაც ჩატვირთულია მხოლოდ ის მუსიკა, რომელიც GERA-ს აქვს სამართავად გადმოცემული, განსხვავებით, ჩვენი კონკურენტისგან, რომელიც აძლევს უფლებას ობიექტებს იუთუბიდან ჩართონ და მოუსმინონ ნებისმიერ სიმღერას. სხვათაშორის, GCA-დან ჩვენთან მოსული მომღერლები გაოცდნენ, როდესაც ვთხოვეთ, რომ სარეგისტრაციოდ მოეცათ მათი ნამუშევრების კატალოგი, ასევე თავად ჩანაწერები - ფონოგრამები. ჩვენ კი, თავის მხრივ, გაოგნებული ვიყავით, რომ  GCA-ში არც კი უკითხავთ მათთვის ამის შესახებ. ვინაიდან, კომპოზიციების სრული ჩამონათვალის გარეშე შეუძლებელია რეალური ანგარიშის ჩატარება.

- უფრო დეტალურად, რომ აგვიხსნათ, როგორ ხდება თქვენთან ლიცენზირებული მუსიკის აღრიცხვა?
- ჩვენს კატალოგში დაახლოებით 9 მილიონი სიმღერა და კომპოზიციაა და ჩვენ თვალს ვადევნებთ მათ გამოყენებას. Rozum-ის სპეციალისტებთან ერთად, ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს აირჩიონ მათთვის შესაფერისი რეპერტუარი. მაგალითად, ზოგს მხოლოდ იტალიური სიმღერები აინტერესებს, ზოგს კი მხოლოდ ქართული. პროგრამული უზრუნველყოფის  წყალობით კი, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ რამდენჯერ, სად, რომელი მუსიკა გაჟღერდა. ეს საშუალებას გვაძლევს სწორად გავანაწილოთ ჰონორარი ავტორებსა და  საავტორო უფლებების მფლობელებზე და მივაწოდეთ მკაფიო დასაბუთებული ანგარიში. ანალოგიურად, ჩვენ ვმუშაობთ რადიოსა და ტელევიზიის კუთხით - ჩვენ თვითონ ვაკვირდებით ეთერში მუსიკის გამოყენებას, ვაწარმოებთ ანგარიშებს, რომლებსაც ვადარებთ იმ მონაცემებს, რომლებსაც მომხმარებელი გვაწვდის. თუ ყველაფერი კარგადაა და მონაცემებში არ არის შეუსაბამობა, მაშინ ანგარიში გამოიყენება მომხმარებლების მიერ გადახდილი ჰონორარების გასანაწილებლად. თუ ჩვენ აღმოვაჩენთ შეუსაბამობას, მაშინ ჩვენი თანამშრომლები მიმართავენ სამაუწყებლო ჩანაწერებს და ამოწმებენ ანგარიშის მონაცემებს.

- GCA გადანაშაულებთ, რომ თქვენ დათანხმდით RAO-ს შეთავაზებას, გამოეყენებინა GERA-ს საბანკო ანგარიში, სანქციების გაადვილების მიზნით. RAO-მ ესტონურ ასოციაციას ამის შესახებ წერილიც მისწერა. რამდენად მართალია ეს ბრალდება?
- ეს ინფორმაცია სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, RAO-მ შესთავაზა ევროპელ ავტორებსა და საავტორო უფლებების მფლობელებს, ეცადათ რუსეთში მათთვის შეგროვებული თანხის გადარიცხვა. როგორც ყველამ ვიცით, რუსეთიდან სხვა ქვეყნებში ტრანზაქციები ახლა გართულებულია. ამავდროულად, რუსეთში უცხოური კონტენტის გამოყენება გრძელდება.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს იყო RAO-ს ცალმხრივი ინიციატივა. რომელსაც არც ჩვენ და არც უფლებათა კოლექტიური მართვის სხვა ევროპულ საზოგადოებას არანაირი კავშირი არ გვაქვს.

-  რაც შეეხება დღეს გასულ კანონპროექტს, თქვენ რამდენად ეთანხმებით სფეროში მხოლოდ ერთი ასოციაციის არსებობას?
- ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ კანონპროექტზე მუშაობას. ზოგადად, ძალიან მოხარული ვართ, რომ სახელმწიფომ აიღო წესრიგის აღდგენის ამოცანა უფლებების კოლექტიური მართვის სფეროში. მაგრამ ამავდროულად, კანონპროექტში არის ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტები, რაც გვაწუხებს. კერძოდ, საუბარია უფლებათა კოლექტიური მართვის მხოლოდ ერთი ორგანიზაციის არსებობაზე. USAID-ისა და საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციით, კულტურის კომიტეტმა გადაწყვიტა შეენარჩუნებინა ერთი ფანჯრის პრინციპი. ვიმედოვნებთ, რომ ეს ფანჯარა მხოლოდ ერთი მხარის ინტერესებზე არ იქნება მორგებული და კონკურსში გაიმარჯვებს ის ორგანიზაცია, რომელსაც უფრო მეტად ენდობიან ქართველი კომპოზიტორები, სხვა შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები და რომელიც, რა თქმა უნდა, შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს კანონპროექტი არ დაიწერება სპეციალურად GCA-ს მონოპოლიის შესანარჩუნებლად, რომელიც არსებობდა GERA-ს დაარსებამდე.

 

დღის ამბები