20 სექტემბერი 2024,   04:12
ვრცლად
პარლამენტთან მაღაროელების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის შენობასთან ჭიათურის მაღაროში დასაქმებულების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. აქციაზე თავად მაღაროელებიც იმყოფებიან, რომლებიც დედაქალაქში ჭიათურიდან დღეს ჩამოვიდნენ. მათ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები ტაშით დახვდნენ.

მაღაროელების მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ ბანერები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

პარალელურად, დღეს მედიასთან პრესკონფერენცია გამართა კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" გენერალურმა დირექტორმა.

ლაშა თუთბერიძის განცხადებით, "მათი ფინანსური ზარალი ამ მომენტისთვის ჭიათურაში, 12 მლნ დოლარს შეადგენს და ამ ფონზე, დასაქმებულების მხრიდან 10 მლნ დოლარის ხელფასის ზრდის მოთხოვნა არის ძალიან ალოგიკური."

მისივე თქმით, კომპანიამ დასაქმებულებს ხელფასის 5%-იანი მატება შესთავაზა, თუმცა გაფიცულების მხრიდან მოთხოვნა, ანაზღაურების 20%-ით გაზრდას შეადგენს. როგორც თუთბერიძემ აღნიშნა, კომპანია მზაობას გამოთქვამს, შეიქმნას კომისია, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, იმსჯელებს იმაზე, თუ როგორ გამოიყვანონ კომპანია არსებული ფინანსური კრიზისიდან.

დღის ამბები