20 სექტემბერი 2024,   04:11
ვრცლად
ლაშა თუთბერიძის თქმით, გლობალური პრობლემების ფონზე, კომპანიას უჭირს დამატებითი სახსრების მოძიება და ამიტომ ხდება დასაქმებულების ანაზღაურებად შვებულებაში გაშვება

ვახტურ რეჟიმზე მომუშავე მაღაროელებს, რომლებიც 708 კაცია, წინა წლის მონაცემებით ჩვენ ხელფასის სახით 25 მლნ 900 000 ლარი გავეცით, რომელიც 1 კაცზე საშუალოდ 3000 ლარზე მეტია- ამის შესახებ, "ჯორჯიან მანგანეზის" გენერალურმა დირექტორმა ლაშა თუთბერიძემ​ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ფიქსირებულ ანაზღაურებას ემატება ასევე არამატერიალური ბენეფიტები, რომლებიც დაზღვევას, კვებას და ტრანსპორტირებას შეადგენს.

"გუშინ პირადად მოვისმინე ჩვენი ერთ-ერთი დასაქმებულის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ხელფასები 400-500 ლარს შეადგენს და მისი 20%-ი 100 ლარია და რა უჭირს კომპანიას ისეთი, რომ 20% არ მოგვიმატოს-ო. მაგრამ ეს ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს: ის ხალხი, რომლებსაც ჩვენ სამუშაო დროსი ცვლილება შევთავაზეთ, 12 საათიანის 8 საათიან სამუშაო რეჟიმზე გადმოყვანა შევთავაზეთ, აი ამ ვახტურ რეჟიმზე მომუშავე მაღაროელებს, რომლებიც 708 კაცია, წინა წლის მონაცემებით ჩვენ ხელფასის სახით 25 მლნ 900 000 ლარი გავეცით, რომელიც 1 კაცზე საშუალოდ 3000 ლარზე მეტია. ოღონდ კონკრეტულად ეს არის დარიცხული ხელფასი, რომელიც მოიცავს საშემოსავლო გადასახადსაც.

აღნიშნულს ემატება არამატერიალური ფორმით ბენეფიტები - ეს არის დაზღვევა, რომელსაც კომპანია უზღვევს დასაქმებულ თანამშრომლებს ოჯახის წევრებს, მათ შორის შვილებს 25 წლამდე. 3400 დასაქმებული გვყავს, ხოლო 14500 დაზღვეული გვყავს კომპანიაში. ჩვენ ვუზრუნველჰყობთ დღის განმავლობაში კვების დანახარჯებს და ტრანსპორტის ხარჯებს, რაც მოიცავს სამსახურში მიყვანა-მოყვანას. კომპანია დაახლოებით 300 000 ლარს იხდის თვეში სადაზღვევო პრემიას, კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიაში,"-განაცხადა ლაშა თუთბერიძემ. 

"ჯორჯიან მანგანეზის" გენერალური დირექტორის თქმით, გლობალური პრობლემების ფონზე კომპანიას უჭირს დამატებითი სახსრების მოძიება და სწორედ ამიტომ, ხდება დასაქმებულების ანაზღაურებად შვებულებაში გაშვება.

"წინა წლებიდან მოყოლებული, ნამდვილად არსებობს კომპანიაში ფინანსური კრიზისი, ზარალიანია. ჭიათურის მადნის მოპოვება უკვე არაკონკურენტუნარიანია საბაზრო ფასებთან მიმართებაში. ამ ზარალის დაფინანსება გარკვეულ წილად მოზიდული სახსრებით ხდება "ჯორჯიან მანგანეზში". წლევანდელ წელს, გლობალურმა კრიზისმა ფინანსური რესურსების მოზიდვის პრობლემაც გაგვიჩინა. შესაბამისად, იძულებულები გავხდით, რომ ჩვენი თანამშრომლები გაგვეშვა ანაზღაურებად შვებულებაში 60%-ი თანხის გადახდით,"-აცხადებს თუთბერიძე.

წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვას, თუ როდის მოემატათ ბოლოს დასაქმებულებს ანაზღაურება, კომპანიის დირექტორი პასუხობს, რომ ეს მოხდა 2022 წლის 1-ელ იანვარს, ინფლაციის კოეფიციენტის მიხედვით.

"რეგულარულად ხდება თანამშრომლებისთვის ხელფასის ზრდა. 2021 წელს გაფორმებული ჩვენი კოლექტიური ხელშეკრულებით ავიღეთ ვალდებულება, რომ რაც გაძვირდება ცხოვრება, რომელიც გამოიხატება ინფლაციის კოეფიციენტით და ავიღეთ ეს მაჩვენებელი ინდიკატორად, რაც იქნება სტატისტიკის დეპარტამენტის მხრიდან წლიური ინფლაციის ინდექსის მაჩვენებელი, იმ პროცენტით მოხდებოდა ხელფასების ზრდა. 2021 წლის ინფლაციის მაჩვენებელი იყო 9,6% 2022 წლის 1-ლი იანვრიდან ჩვენს 5700 დასაქმებულს ანაზღაურება გაეზარდათ 9,6%-ით,"-აცხადებს "ჯორჯიან მანგანეზის" გენერალური დირექტორი.

ლაშა თუთბერიძე აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ ძირითადი აქცენტები გაკეთებულია იმაზე, რომ ზარალის ოდენობა შემცირდეს.

"ძირითადი აქცენტები გაკეთებული არის, რომ ეს ზარალის ოდენობა იქნეს შემცირებული. 32მლნ დოლარის ფარგლებში ზარალიანობა გააჩნია კომპანიას, იმ მიმართულებით, რასაც მიწისქვეშა მოპოვებით სამუშაოები ჰქვია.

ის მოთხოვნილი ხელფასის ოდენობა, რომელსაც ითხოვენ 5%-ის ზემოთ და 15%-ი შეადგენს დაახლოებით 10 მლნ დოლარის ხარჯს წლის განმავლობაში,"-აცხადებს ლაშა თუთბერიძე.

დღის ამბები