კერძო სამხედრო დაჯგუფების, "ვაგნერის" მეთაური სერგეი პრიგოჟინი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ვაგნერი" დანებებას არ აპირებს.
მისი განცხადებით, მათ არ სურთ რუსეთმა კორუფციაში, ტყუილში და ბიუროკრატიაში გააგრძელოს ცხოვრება.
"ქვეყნის ღალატთან დაკავშირებით პრეზიდენტი ღრმად შეცდა, ჩვენ ჩვენი სამშობლოს პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძვით - ეს ეხება ვაგნერის ყველა მებრძოლს და არ ვაპირებთ პრეზიდენტის, ФСБ-ს ან ვინმე სხვისი მოთხოვნით დანებებას, რადგან არ გვსურს, რომ ქვეყანამ ამ კორუფციაში, ტყუილში და ბიუროკრატიაში გააგრძელოს ცხოვრება.
როდესაც ჩვენ ვიბრძოდით აფრიკაში, გვეუბნებოდნენ, რომ გვჭირდებოდა აფრიკა. შემდეგ იგი მიატოვეს, რადგან ყველა ის თანხა მოიპარეს, რომელიც დახმარებისთვის იყო განკუთვნილი. როდესაც გვითხრეს, რომ უკრაინას უნდა ვებრძოლოთ, მივედით და შევებრძოლეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სამხედრო მასალა, შეიარაღება და ფული - აქაც იპარება. ისინი ეკონომიას აკეთებენ საკუთარი თავების გადასარჩენად - ზუსტად იმ შემთხვევისთვის, რომელიც დღეს დაუდგათ, როდესაც რუსეთისკენ მიდიან," - აცხადებს სერგეი პრიგოჟინი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში სამოქალაქო ომი ოფიციალურად დაიწყო. იმას, რასაც "ვაგნერი" ამტკიცებს, ადასტურებს მოსკოვში განვითარებული მოვლენები. როსტოვი აღებულია, მთავარი სამიზნე კი მოსკოვია. დაპირისპირებაა ვორონეჟშიც - აფეთქდა ნავთობის ბაზა. "ვაგნერი" რუსეთის ტერიტორიაზე რუსული არმიის წინააღმდეგ იბრძვის.
ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის” პოზიციების დაბომბვაში დაადანაშაულა. პრიგოჟინი, სერგეი შოიგუს დაემუქრა და პირობა დადო, რომ ჯარში და რუსეთში სამართლიანობა აღდგება.
მუქარას მალევე მოჰყვა კრემლის სამართლებრივი რეაგირება და ვლადიმერ პუტინის მუქარა.